"რომელ სკოლაშიც შევედი, გამომაგდეს...ლანძღვას მიჩვეული ვარ...შეყვარებული მყავდა, ძალიან ლამაზი იყო" - ინტერვიუ ცნობილ ტიკტოკერთან

ali

„პრაიმტაიმი“ სოციალურ ქსელებში ცნობილ ადამიანებს ხშირად ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად, მოგიყვებით ბიჭზე, რომლის ვიდეოებიც სხვადასხვა პლატფორმაზე მართლაც ვირუსულად ვრცელდება. 

ალის ცეკვა, დამტვრეული ქართული, კნინობით-ალერსობითი სახელები და ჩხუბი - ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ერთხელ მაინც გექნებათ ნანახი. ტიკტოკერ ახალგაზრდას უამრავი ადამიანი იცნობს და ხშირად, მისი გამომწერიცაა. 27 წლის ნუგზარი გვარს არ ამხელს, ამბობს, რომ ამის გამო ბევრჯერ ზიანი მიაყენეს და აღარავის ენდობა.

ალი, იგივე ნუგზარი: - გუდარეხში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში) დავიბადე. წარმოშობით თელავიდან, ყარაჯალადან ვარ. ჩემი მშობლები გუდარეხში ცხოვრობდნენ და თბილისში მუშაობდნენ, სამგორში, საბითუმო მაღაზიაში ხილ-ბოსტნეულს ყიდდნენ.

დავდიოდი სოფლის საჯარო სკოლაში, შემდეგ თბილისში გადმოვედით. რომელ სკოლაშიც შევედი, გამომაგდეს. ან ვაგვიანებდი, ან ვჩხუბობდი, სულ პრობლემები მქონდა.  მეცხრე კლასიდან გამოვედი და სპორტით დავკავდი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ali_reis7777 (@ali_reis7777)

- რომელ სპორტში და რა წარმატებას მიაღწიე?

- ძალისმიერი სამჭიდი ავირჩიე, რუსთაველზე ვვარჯიშობდი... ჩემს მწვრთნელს სპარტაკი ერქვა, ძალიან მაგარი კაცია. დისკრიმინაციული ნიშნით არასდროს გამოვურჩევივარ. ერთ დღესაც მითხრა, შენ სპორტსმენი და ევროპის ჩემპიონი გამოხვალო. ჯამში 600 კილოგრამამდე მაქვს აწეული. 2015 წელს პეკინში ევროპის ჩემპიონი გავხდი, მედალი მომცეს, თუმცა, ფული არა. ამის გამო ხელი ჩავიქნიე. 

შემდეგ ბოქსზე გადავედი, რაღაცას რომ მივაღწიე, ამასაც თავი დავანებე, ჩემთვის ვვარჯიშობდი. შემდეგ ტიკტოკზე გადავედი.

- როდის გადაწყვიტე ტიკტოკერობა, სხვების მსგავსად, შენც პანდემიის დროს?

- 6-7 წელია, რაც ტიკტოკში ვარ. ახლობელი მოკლეს და მითხრეს, მისი ვინაობა ტიკტოკში გავრცელდაო. ვერ მივხვდი რა იყო ეს ტიკტოკი. ამიხსნეს, ასეთი პლატფორმაა, ფულს შოულობენო, დავინტერესდი. pubg-ის ვთამაშობდი და ვიდეოების გადაღება დავიწყე. 2-მილიონამდე მეგობარი მყავდა, ძირითადად, თურქები. აღმოჩნდა, რომ ლიდერი გავხდი, შემდეგ შურიანებმა დამბლოკეს და ნელ-ნელა დაბლა ჩამოვედი. მე რომ ტიკტოკში ვიყავი, არავინ იყო. 24 საათი ლაივში ვიყავი. რამდენ ადამიანსაც მე სალამი მივეცი, ვერ დათვლით.

- ალი, გულშემატკივრების გარდა, უამრავი ჰეითერი გყავს, რომლებიც არ ერიდებიან კრიტიკას, ლანძღვას და გინებასაც კი. ამაზე რა რეაქცია გაქვს ხოლმე?

- ლანძღვას მიჩვეული ვარ, რამდენი წელია აქ ვარ. ლაივის დროს გინება ლამაზი არ არის - შემოდიან ბავშვები, ნათესავები, უცხო ხალხი. ტიკტოკი ყველაზე სლაბი პლატფორმაა, განსაზღვრავს შენ რა რეაქცია გექნება. გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ, ზოგჯერ გულთან მიმაქვს ეს ნეგატივი. ზოგჯერ, მომთმენი ვარ. 

- ოჯახის წევრები  რას ამბობენ, თანაც მაშინ, როცა ტონს უწევ და ეს ხმა ოთახიდან გადის?

- მეუბნებიან, ნუ ღრიალებო. (იცინის) თუ ისინი იგინებიან, შენ მადლობა უთხარი, არ შეაგინოო. რატომ? ხალხი შენ გიცნობს და არა მათ.

- და/ძმა თუ გყავს?

- უმცროსი ძმა მყავს, ცოლი მოიყვანა და თავისთვის შრომობს. 

- პირადში რა ხდება, ალბათ შენც გეუბნებიან, რომ ძმას მიბაძო...

- მეც მეუბნებიან, რომ ცოლის მოყვანის დროა, მაგრამ ტიკტოკში ბევრი წელი ჩავდე და ამ საქმიდან ვეღარ გამოვალ. ამ ეტაპზე, ტიკტოკი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც მაქვს ამაში ჩადებული, უნდა ამოვიღო. არ მინდა ის წლები უბრალოდ წავიდეს. თუ ვიშოვი ფულიან ვინმეს, შეიძლება. (იცინის)

- რას გულისხმობ, რა უნდა ის, რაც პირად ცხოვრებაზე უარს გათქმევინებს?

- სპონსორები და რამე კარგი ცვლილებები. 

- შეყვარებული თუ გყოლია?

- ბავშვობაში მყავდა. ისეთი ლამაზი იყო, სხვა ბიჭსაც შეუყვარდა. ეს გოგო სკოლის დარბაზში მიდიოდა, როცა ბიჭმა დაიჭირა და ძალით აკოცა. ვინც დაინახა, მოვიდა და მითხრა: - „ალი, შენს შეყვარებულს ძალით აკოცა“... დავიჭირე და ვცემე, ამის შემდეგ სკოლიდან გამაგდეს. შარი ყოველთვის მოდის, არ გვეშინია. 

- შენი შემოსავლის ძირითადი წყარო ტიკტოკია?

- კი, ამას არ ვმალავ. ამ დრომდე ,არსად მიმუშავია. ჩემი მშობლები მეუბნებიან,  უნდა იმუშაო, ცოლი მოიყვანოო... არა, ამ საქმეში ვარ და ვერ გამოვალ. 

- სხვა ტიკტოკერებთან როგორი ურთიერთობა გაქვს, მეგობრობ ვინმესთან?

- არ ვიცი, მგონი, ჩემი შურთ. მათთან დაახლოება მინდა, მაგრამ მათ არ უნდათ. ერთ გოგოსთან ვმეგობრობდი, ჩემთვის საქართველოში ყველაზე ლამაზია, სულ ერთად ვიყავით ლაივში, მაგრამ მისი ექაუნთი დაბლოკეს, ისევე როგორც ჩემი.

- ქუჩაში როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე, როცა გხედავენ?

- „ალი, ალი ჩვენი ალი“ იძახიან, მეფერებიან, ფოტოებსაც იღებენ. ავტობუსით, მეტროთი ვმგზავრობ ხოლმე და ბევრი მცნობს. ახლა სოფელში ვარ წამოსული. ჩემი უბნის ბავშვები არ ისვენებენ და მაწუხებენ.