რატომ უჩივლა ელენე ფოჩხუამ ყოფილ ქმარს - „გაფრთხილების მერე არცერთი ესემესი აღარ მოსულა ჩემთან“

ელენე ფოჩხუა

მომღერალ ელენე ფოჩხუას ცხოვრებაში არაერთი რთული მომენტი ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ძლიერი აღმოჩნდა და პრობლემები ყოველგვარი დეპრესიების გარეშე დაძლია. ქმართან გაშორების შემდეგ შვილებთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს, მშვიდი ფსიქიკური მდგომარეობა შეინარჩუნოს. ახლახან მას ქმარმა ჯვრის აყრა მოსთხოვა და ადვოკატით დაემუქრა. რა რეაქცია აქვს მომღერალს შვილების მამის მოთხოვნებზე და აპირებს თუ არა ის საპატრიარქოში მისვლას.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "თბილისელების"ინტერვიუდან:

– როგორც გავიგე, ქმარი ჯვრის აყრას გთხოვს და ადვოკატით გემუქრება. რა კავშირშია, ჯვრის აყრასთან ადვოკატი? ხელი გაწერილი გაქვთ?

– ხელი, არასოდეს გვქონია მოწერილი, ჯვარი დავიწერეთ. ახლა ჯვრის აყრას მთხოვს, რადგან იმ ქალბატონთან შვილი შეეძინა. მე თანახმა ვარ ჯვრის აყრაზე. რომ დამირეკა, მითხრა: თანახმა ხარ ჯვარი რომ ავიყაროთ თუ ადვოკატი გამოვაგზავნოო. გამეცინა. საერთოდ არ სჭირდება ჯვრის აყრას ადვოკატი და მაგდენიც არ იცის. ჰგონია, მე ვერ ვერკვევი და ჰგონია მაშინებს (იცინის). მიდი საპატრიარქოშიო. მე ვუთხარი: ჩემგან თანხმობა გაქვს, სურვილი შენია, მე რატომ უნდა მივიდე საპატრიარქოში, თავად მიბრძანდი-მეთქი. სხვათა შორის, მეც მინდა ჯვრის აყრა, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდე ამ ადამიანისგან, დავუსვა წერტილი და დავისვენო.

– გასაგებია, რომ შვილები გაძლევენ მომავლის იმედს და სტიმულს, მაგრამ გვერდით საყვარელი მამაკაციც ხომ საჭიროა, რომ ხანდახან თავი ჩამოაყრდნო მხარზე?

– ვერ ვიტყვი, ამისთვის მზად არ ვარ-მეთქი და თუ ღირსეული ვინმე გამოჩნდა, სიყვარულისთვის მზად ვარ. როგორიც ვიყავი – მოსიყვარულე, გიჟი ცოლი და ერთგული, იგივე ვიქნები იმ ადამიანისთვისაც, ვინც ჩემს პირად ცხოვრებაში გამოჩნდება, დაიმსახურებს ამ ყველაფერს და ჩემს გულს მოიგებს. არავინ იცის, რას გვიმზადებს იღბალი, ამიტომ ვერ ვიტყვი, მე მარტო დავრჩები, შვილებს აღვზრდი და მხოლოდ ამისთვის ვიცხოვრებ-მეთქი. ამას ნამდვილად არ „ვაწვები“. რატომაც არა? მას თუ აქვს ოჯახის მიტოვების უფლება, მე სიყვარულის უფლება არ მაქვს? ისე არასოდეს მოვიქცევი, ვინმეს ქმარი წავართვა და ხალხი ავალაპარაკო. ღმერთმა დამიფაროს, ვინმემ ჩემზე თქვას, რამ გამოაშტერა ეს გოგოო.

ბევრი მეუბნება, სხვანაირად გიბრწყინავს თვალებიო. ეს იმიტომ, რომ სტრესი აღარ მაქვს და მშვიდად ვცხოვრობ. სხვათა შორის, ჩემი ყოფილი ქმრის, ეგრეთ წოდებული, ახლანდელი ცოლი სერიალებს დგამდა, შეთხზა, თითქოს მე ვწერდი რაღაცებს და ჩემი ყოფილი ამის გამო მემუქრებოდა. პოლიციაშიც კი ვუჩივლე და გაფრთხილება მისცეს. გაფრთხილების მერე არცერთი ესემესი აღარ მოსულა ჩემთან. ჩვეულებრივ სერიალში ამოვყავი თავი. ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ვყავდი და ჩივილის გარდა, სხვა გზა არ დამიტოვეს. ერთს ვეტყვი მათ: ისინი შესაფერისები არიან და იმსახურებენ ერთმანეთს“,- ამბობს ელენე.

გამოყენებულია funtime.ge-ს ფოტო