ისტორიული შედეგი და მედლებისთვის ბრძოლა - პირველად, ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები ოლიმპიადის გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზებს

სრიალი

 ისტორიული შედეგი და მედლებისთვის ბრძოლა - პირველად, ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები ოლიმპიადის გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

25 ქულით, საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის, მეხუთე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა. მისი გამოსვლა 84 ქულით შეფასდა და საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.

გუნდური შეჯიბრების ფინალში, სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამით უკვე გამოვიდა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი, რომელმაც 117 ქულა მიიღო.

დღეს მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში მედლების კომპლექტი გათამაშდება და ყველა პრიზიორი გამოვლინდება. საქართველოს მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე წარადგენს, ქალთა შორის – ანასტასია გუბანოვა, ხოლო წყვილთა შორის – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იასპარეზებენ. შეჯიბრება 22:30 საათზე დაიწყება.

სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამით გამოსვლების შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე, ამერიკის შეერთებული შტატებია, შემდეგ არის იაპონია, იტალია, კანადა და საქართველო.

მოლოდინი დიდია, სურვილი ერთი - საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ისტორია დაწეროს და საკუთარი სათქმელი თქვას.