1748612060
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია - „პსჟ“ „ინტერს“ დაუპირისპირდება

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად მიუნხენში უკვე ივარჯიშა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. „ინტერმა“ კი ფინალის საგზური „ბარსელონას“ დამარცხებით მოიპოვა - ნახევარფინალში მათი შეხვედრა 4:3 დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, ხვიჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „The Best FIFA Football Awards 2023“-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალისტიც იყო.