ვხედავდი ჩემი ცოლის დატანჯულ სახეს, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა… – რეზო ჩხიკვიშვილი

rezo chxikvishvili

მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი უკვე 24 წელია, რაც გერმანიაში მეუღლესთან, ხათუნა ჩაგელიშვილთან და შვილებთან, ალექსანდრე და ლევან ჩხიკვიშვილებთან ერთად ცხოვრობს.

მისი და ხათუნა ჩაგელიშვილის თანაცხოვრება 36 წელს ითვლის და როგორც მსახიობი ინტერვიუებში ამბობდა, ოჯახის დანგრევა მარტივია, მთავარი შენარჩუნებაა.

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას მსახიობმა ცხოვრების რთული ეტაპი გაიხსენა, როცა მის ცოლს ხელისა და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, თვითონ კი საქართველოში სერიალის გადაღებებზე ჩამოსვლა მოუწია.

„ეს უზარმაზარი ტრავმა იყო ჩვენთვის. მეუღლეს თავად ვუვლიდი. ჯერ საავადმყოფოში ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, მერე სახლში გამოვიყვანეთ… მაშინ მივხვდი, რამდენად რთულია საავადმყოფოში მომვლელად მუშაობა. რამდენიმე ადამიანს უვლიან, როდესაც ერთი ადამიანის მოვლას წარმოუდგენელი ენერგია მიაქვს…

ზუსტად იმ დროს მოვიდა საქართველოდან შემოთავაზება. ძალიან საინტერესო იყო ფსიქოთერაპევტის როლი. მსურდა, ნერწყვი გადავყლაპე, მაგრამ წამოსვლა შეუძლებლად მეჩვენებოდა. მეუღლეს ვუთხარი, ნუ გეშინია, არ დაგტოვებ-მეთქი, მაგრამ შემდეგ თავად მეუღლემ და შვილებმა დამაძალეს, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი. შვილებმა დამარწმუნეს, დედას ჩვენ მივხედავთ, შენ ასეთი შეთავაზება ხელიდან არ გაუშვაო. მე ვხედავდი ჩემი მეუღლის დატანჯულ სახეს, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა და კიდევ შეეძლო ეთქვა, რომ უარი არ მეთქვა… ბევრს ნიშნავდა, ოჯახის სურვილით რომ დავთანხმდი – გადაღებების დროს ჩემი ტრავმირებული მეუღლე მეხმარებოდა, რადგან აქეთ ვიყავი გასამხნევებელი…“ – ამბობდა რეზო ჩხიკვიშვილი.