Puff Daddy-ის სასამართლო პროცესი დაიწყო - ახალი დეტალები ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმიდან

Puff daddy

Puff Daddy-ის იგივე შონ დიდი ქომბსის სასამართლო დაიწყო. ამერიკელი რეპერის ადვოკატი მარკ აგნიფილოა, რომელსაც გახმაურებულ საქმეებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ მარკის გარდა, ქომბსის ინტერესებს კიდევ 5 ადვოკატი იცავს - ბრალდების მხარეს კი რვა.

გამოცემა „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესი პაფ დედის ადვოკატებმა გახსნეს. მათი თქმით, ქომბსი ოჯახური ძალადობის საქმეში დამნაშავეა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ვიდეო,სადაც ჩანს, რომ ამერიკელი რეპერი პარტნიორზე, კასანდრა ვენტურაზე ფიზიკურად ძალადობს. დაცვის მხარე ამბობს, რომ ქომბსის ეს ძალადობრივი ქმედება ნარკოტიკებმა და ეჭვიანობამ გამოიწვია. თუმცა, კასანდრა ვენტურა ამის შემდეგ კვლავ დარჩა ქომბსთან და არ დაშორებულა.

ქომბსის დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ რეპერს სექს-ტრეფიკინგსა და რეკეტების მოწყობასთან არაფერი აკავშირებს. ქომბსის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ სავარაუდო მსხვერპლ ქალებს, რომლებიც შონ დიდის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, რეალურად რეპერი „უყვარდათ“. შესაბამისად,  რეპერთან მათი ინტიმური კავშირი ნებაყოფლობითი იყო.

„თითოეული მათგანი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი იყო. პაფ დედისგან ყველას რაღაც სარგებელი ჰქონდა“,- აცხადებენ რეპერის ადვოკატები.

მოსამართლემ პირველ მოწმედ ისრაელ ფლორესი გამოიძახა. ფლორესი იმ სასტუმროს დაცვად მუშაობდა, სადაც შონ დიდი ქომბსი კასანდრა ვენტურას დაესხა თავს. მისი თქმით, ვენტურას წასვლა უნდოდა, თუმცა რეპერი მას ამის საშუალებას არ აძლევდა. როგორც ფლორენსი ამბობს, ვენტურას თვალი დალურჯებული ჰქონდა, თუმცა, მომხდარის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინებაზე უარი თქვა.

საქმის პროკურორების მტკიცებით, რეპერი ვენტურას მუსიკალური კარიერის დანგრევით ემუქრებოდა და თეთრ წვეულებებზე სექსმუშაკებთან ინტიმური კავშირის დამყარებას აიძულებდა. სასამართლომ მეორე მოწმედ ყოფილი ძელზე მოცეკვავე დენიელ ფილიპი გამოიძახა. ფილიპის განცხადებით, მას კასანდრა ვენტურასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე ჰქონდა. მისივე თქმით, ხშირად ეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ხდებოდა და 10 საათი გრძელდებოდა - ამ ყველაფერს კი Puff Daddy უყურებდა და კამერით იღებდა. დენიელმა ასევე აღნიშნა, რომ შეესწრო იმას, თუ როგორ იძალადა ფიზიკურად ქომბსმა ვენტურაზე.

ამერიკელი რეპერის სასამართლო პროცესი დახურულია, ანონიმურია მოსამართლის ვინაობაც. ამ დროისთვის სასამართლო პროცესიდან ეს ინფორმაცია ვრცელდება. უახლოეს დღეებში არაერთი მოწმის დაკითხვა იგეგმება...