სროლა ავსტრიაში

მსოფლიო 1749581192

დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები ავსტრიის სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე

ბოლო მონაცემებით, ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.როგორც „ბიბისი“ წერს, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია.მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ის ორივე იარაღს კანონიერად ფლობდა. თავდასხმის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

სროლა ავსტრიაში

მსოფლიო 1749569233

თავდასხმა გრაცის სკოლაზე - ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, დაახლოებით იმ დროს, როდესაც სკოლაზე თავდასხმა მოხდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ ჯარნერმა განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს მოკლულია ცხრა და დაჭრილია 12 ადამიანი.თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები, 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ორი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ის ორივე იარაღს კანონირად ფლობდა. თავდასხმის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. განათლების მინისტრმა, კრისტოფ ვიდერკერმა განაცხადა, რომ სკოლა, სადაც თავდასხმა მოხდა, გარკვეული დროით დაიხურება.

ჰარვარდი

მსოფლიო 1747730789

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის გრანტი შეუჩერა

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების დეპარტამენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფა შეუჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.გრანტის გამოყოფის შეჩერების მიზეზად სახელდება ის, რომ უმაღლესი სასწავლებელი ანტისემიტიზმსა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას ვერ გაუმკლავდა, წერს სააგენტო.Reuters-ი წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს იგივე მიზეზით 3 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტები და კონტრაქტები შეუჩერა.როგორც სააგენტო იუწყება, იანვარში თეთრი სახლის დაკავების შემდეგ ტრამპი ფედერალურ დაფინანსებას აშშ-ის აკადემიური სფეროს რეფორმირებისთვის იყენებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის აკადემიური სფერო ანტიამერიკული, მარქსისტული და „მემარცხენე“ რადიკალური იდეოლოგიით არის გამსჭვალული.პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი სტუდენტების განცხადებების მიღებისას მათ ეთნიკურ წარმომავლობას აქცევს ყურადღებას და პროპალესტინური სტუდენტური მოძრაობის მხრიდან, რომელმაც გასულ წელს ამერიკული კამპუსები მოიცვა, ებრაელების მიმართ დისკრიმინაციას ვერ უმკლავდება.

გივი მიქანაძე

პოლიტიკა 1746445604

გივი მიქანაძე - უსამართლობის გამოსწორების კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ, მიღებული იქნება ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება

უსამართლობის გამოსწორების კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ, დარწმუნებული ვართ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიღებული იქნება ცვლილებები, რითაც შესაძლებელი იქნება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.მიქანაძის თქმით, მომავალ წელს ყველა უმაღლესი სასწავლებელი დანერგავს ქართული ენის სავალდებულო სწავლებას.„2005 წელს, როცა კახა ლომაია განათლების მინისტრი იყო, სამინისტროს მითითებით, საბაკალავრო სასწავლო პროგრამიდან მოხდა ქართული ენის ამოღება. ეს ქართული ენის წინააღმდეგ მხოლოდ ერთადერთი მიზანმიმართული ნაბიჯი არ იყო. 2004-2007 წლებში, მიზანმიმართულად მოხდა, პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისიის გაუქმება და პარლამენტში აღარ იყო სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი, ენის პალატა გაუქმდა, ხოლო საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის საათები შემცირდა. ამას საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების ამოღებაც დაემატა. არ იყო განხილული სახელმწიფო ენის შესახებ კანონი. ჩვენი ხელისუფლების მიერ ჯერ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღება მოხდა, ხოლო შემდეგ იაკობ გოგებაშვილის დედა-ენა სასწავლო პროცესს დაუბრუნდა. ახლა ჩვენ უსამართლობის გამოსწორების კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ, როცა განხილვას ვიწყებთ და დარწმუნებული ვართ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიღებული იქნება ცვლილებები, რითაც შესაძლებელი იქნება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულოდ სწავლება და ის ძალაში შევა პირველი სექტემბრიდან, რაც იძლევა გარანტიას, რომ მომავალ წელს, ყველა უმაღლესი სასწავლებელი დანერგავს ქართული ენის სავალდებულო სწავლებას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება. ცვლილებები შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი პირველი მოსმენით იწყებს მსჯელობას. ქართული ენის სწავლება სავალდებულო უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წლიდან აღარაა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, სხვა მიმართულებებზე კი შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით.

რომის პაპი

მსოფლიო 1745222700

რომის პაპი გარდაიცვალა

 რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.ცნობისთვის, გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა.პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.ცნობისთვის, პაპი ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი, უწმინდესი ბენედიქტე XVI, გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი, ხორხე მარიო ბერგოლიო, აირჩია. კარდინალმა ბერგოლიომ თავის სახელად ისურვა წმინდა ფრანცისკე ასიზიელის სახელი, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით.პაპი ფრანცისკე რომის 266-ე ეპისკოპოსია; ამასთანავე პირველი პაპია იეზუიტთა ორდენიდან; პირველია ამერიკის კონტინენტიდან; პირველია სამხრეთ ნახევარსფეროდან და პირველი არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ(741წ).ხორხე მარიო ბერგოლიო 1936 წლის 17 დეკემბერს ბუენოს აირესში დაიბადა. იგი პირველი შვილი იყო ხუთშვილიანი ოჯახისა. მამამისი, მარიო ხორხე, ჩრდილოეთ იტალიელი მიგრანტი, რკინიგზაზე მუშაობდა. ხორხემ დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ქიმიის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ბუენოს აირესის ლაბორატორიაში. მანამდე კი სწავლის საფასურის გადასახდელად ერთ-ერთი ბარის დაცვაში მუშაობდა. 1960 წელს გახდა იეზუიტთა ორდენის წევრი და პარალელურად დაიწყო სწავლა ჩილეში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; 1961-1963 წლებში ბუენოს აირესში ფილოსოფიას სწავლობდა; 1967-1970 წლებში სწავლობდა სან-მიგელის სემინარიაში; 1969 წელს ეკურთხა მღვდლად; 1973-1979 წლებში არგენტინასა და ურუგვაიში ხელმძღვანელობდა „იესოს საზოგადოებას“ და ამავდროულად კითხულობდა ლექციებს. 1979-1985 წლებში იყო სან-მიგელის ფილოსოფიური და თეოლოგიური ფაკულტეტის რექტორი. 1986 წელს გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.1992 წლიდან არის აუკას ტიტულარული ეპისკოპოსი და ბუენოს აირესის დამხმარე ეპისკოპოსი; 1998 წლიდან ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსი; 2001 წლიდან კი კარდინალი. არგენტინაში მისი მოღვაწეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა: მის დროს მღვდელმსახურთა რიცხვი გაორმაგდა და გაიხსნა ახალი სამრევლოები.კარდინალი ბერგოლიო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ვატიკანში მაღალ თანამდებობაზე მის დანიშვნას და 2005 წელსაც თავი შეიკავა პაპობის კანდიდატად დასახელებაზე.2013წლის 13 მარტიდან კარდინალი ბერგოლიო რომის პაპი გახდა. მან უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ სასახლეში გადასვლაზე და ვატიკანის სასტუმროში ცხოვრობდა. მისი მოღვაწეობა ფართომასშტაბიანია და ეხება გლობალურ პრობლემებს.პაპი ფრანცისკე ოცამდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიცაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა 1744709143

დავით ჩიხელიძე: სააკაშვილის ოჯახს, სახელმწიფოს ძარცვის საქმეში დამხმარედ, ქალი არტილერია, ნანუკა ჟორჟოლიანი მოევლინა, რომელიც ამ ბანდიტური ჯგუფის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებდა, კერძოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, თხზავდა და იღებდა ცრუ სიუჟეტებს

 საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთი ჭეშმარიტება ითქვა, სამწუხაროდ დღეს, ქუჩაში მდგარი ბრბო არა სპონტანურად ფორმირებული, არამედ ნაციონალური მოძრაობის დროს, კარგად დაგეგმილი და განხორციელებული თაღლითობის შედეგია - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.  როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ალასანიამ და სააკაშვილის ოჯახმა, სააკაშვილის დახმარებით სახელმწიფო გაძარცვა, მათ ხელში სიმბოლურ ფასად, დიდძალი სახელმწიფო ქონება ჩაიგდეს, რომლის რეალური ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იყო.  „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთი ჭეშმარიტება ითქვა, სამწუხაროდ დღეს, ქუჩაში მდგარი ბრბო არა სპონტანურად ფორმირებული, არამედ ნაციონალური მოძრაობის დროს, კარგად დაგეგმილი და განხორციელებული თაღლითობის შედეგია. სააკაშვილმა, განათლების სისტემაში გიული ალასანიას ფაქტობრივად მონოპოლისტის როლი მისცა, რომელმაც რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი მიითვისა, (სადაც დღეს ფრანკლინის კლუბი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ) უმაღლესი სასწავლებლის შემდეგ გიული ალასანია სკოლებს მიადგა, ნაციონალური მოძრაობის დროს 1000 ზე მეტი საჯარო სკოლა დაიხურა. (ოცნების პირობებში ასობით ახალი სკოლა აშენდა) ალასანიამ და სააკაშვილის ოჯახმა, სააკაშვილის დახმარებით სახელმწიფო გაძარცვა, მათ ხელში სიმბოლურ ფასად, დიდძალი სახელმწიფო ქონება ჩაიგდეს, რომლის რეალური ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იყო. სააკაშვილის ოჯახს, სახელმწიფოს ძარცვის საქმეში დამხმარედ, ქალი არტილერია, ნანუკა ჟორჟოლიანი მოევლინა, რომელიც ამ ბანდიტური ჯგუფის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებდა, კერძოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, თხზავდა და იღებდა ცრუ სიუჟეტებს, რომელიც შემდეგ რუსთავი2-ის ეთერში გადიოდა, რომელიც თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ქვეშ იყო.“ - წერს ჩიხელიძე.

ჯონდი ბაღათურია

პოლიტიკა 1744705135

ჯონდი ბაღათურია- არსებობს ასეთი მოძრაობა „ჰიზმეტი“ . პრეზიდენტი ერდოღანი ამ მოძრაობას ბრალს დებს ტერორიზმში - გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში

 „გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში. „ჰიზმეტი“ არის ქსელური ორგანიზაცია. თურქეთში, დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული არის 49 ათასი კაცი“- ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება.  როგორც ბაღათურია აღნიშნავს, „ჰიზმეტი“ აკეთებდა იმას, რასაც გიული ალასანია. „იწყებს საბავშვო ბაღიდან, სკოლა, მერე უმაღლესი სასწავლებელი, მოსამზადებელი კურსები და მერე ლობირებენ ამათ დანიშვნებს სასამართლო სისტემაში სხვადასხვა სახელმწიფოებში“.   „შავი ზღვის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ასევე გიული ალასანია. ამ დროს იყო თავისი უნივერსიტეტის რექტორიც, მაგრამ იქაც დანიშნული იქნა პრორექტორად. როგორც შემოსავლის დამატებითი წყარო იყო. არსებობს ასეთი მოძრაობა „ჰიზმეტი“ , ფეთჰულაჰ გიულენის „ჰიზმეტი“. პრეზიდენტი ერდოღანი ამ მოძრაობას ბრალს დებს ტერორიზმში, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა პრეზიდენტის მკვლელობა და სახელმწიფო გადატრიალება (2016 წლის ცნობილი გადატრიალება). შავი ზღვის უნივერსიტეტი და მე რომ ვთქვი უცხოური ფული, ეს არის ამის მეწილე. გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში. „ჰიზმეტი“ არის ქსელური ორგანიზაცია. თურქეთში, დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული არის 49 ათასი კაცი. ძირითადად არიან მოსამართლეები, განათლების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სპეცსამსახურები და სამხედროები, თურქეთის სახელმწიფოს ბრალდებით როგორც არის. რას აკეთებს „ჰიზმეტი“?! - რასაც გიული ალასანია. იწყებს საბავშვო ბაღიდან, სკოლა, მერე უმაღლესი სასწავლებელი, მოსამზადებელი კურსები და მერე ლობირებენ ამათ დანიშვნებს სასამართლო სისტემაში სხვადასხვა სახელმწიფოებში. თურქეთი საქართველოსთან შედარებით, საკმაოდ აღმატებული რესურსების სახელმწიფოა ხომ? 49 ათასი კაცი იყო თურქეთის სახელმწიფო ორგანიზმში ჩანერგილი, ძირითადად მოსამართლეები. გახსოვთ, აქ რომ ითხოვდნენ სასამართლოს რეფორმის დროს უცხოელებმა დანიშნონ მოსამართლეებიო?- ასე მივიღებდით ჩვენ ახლა სასამართლო სისტემას, რომელიც ჩამოშლიდა სახელმწიფო ვერტიკალს და დაამხობდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს.“-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ვატო შაქარიშვილი

პოლიტიკა 1743876659

"ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში..." - ვატო შაქარიშვილი

ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში...იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი- ამის შესახებ მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს."ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!!იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!"- წერს ვატო შაქარიშვილი.მანამდე, "მთავრი არხის" ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ვატო შაქარიშვილი და გოგა ხაინდარავა თავს დაესხნენ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1741864391

კორუმპირებული ადამიანის - სააკაშვილის გაშვებას ითხოვს ევროპარლამენტი - ამაზე დიდი სირცხვილი, ამაზე დიდი მხილება თავად ევროპარლამენტის კორუმპირებულობისა, რა შეიძლება იყოს? - შალვა პაპუაშვილი

ზოგიერთი ადამიანი მორალური პიედესტალიდან რომ ლაპარაკობს დღესაც, ახლა მაინც არ რცხვენიათ, რომ კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.„ეს არის კიდევ ერთი დასტური სააკაშვილის რეჟიმის დროს ელიტური კორუფციის სქემებისა. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ანგარიშებით და ინვოისებით, რამდენად იყო ჩართული მაშინდელი მთელი პოლიტიკური ელიტა ამ კორუფციაში და ჩვენი ფულით, ბიუჯეტიდან ფარული ფულით სააკაშვილს ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული საკუთარ და მისი წრიდან ადამიანების კოსმეტიკურ მომსახურებაზე. 200 000 დოლარი დახარჯა მის პირად სტილისტზე და მზარეულზე და 40 000 დახარჯა საკუთარი შვილის სწავლებაში, საქართველოში ყველაზე ძვირ სკოლაში. რომ ჰკითხო მას და მის მომხრეებს, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის კლასიკური მაგალითი ელიტური კორუფციისა. ამ ცხრა მილიონის გარდა, რომელსაც ფარულად ხარჯავდა, იმავე პერიოდში 20 მილიონი ცალკე აქვს დახარჯული წარმომადგენლობითი ხარჯების სახით. ჩვენ ვნახეთ გიგი უგულავას კორუფციული სქემა - 48 მილიონი ლარი, რომელიც მან მოიპარა თბილისის ბიუჯეტიდან; ვნახეთ კეზერაშვილის ხუთ მილიონი ევროს სქემა, რომელიც მან მოჰპარა ქართულ ჯარს; ნახეთ სააკაშვილის 9 მილიონიანის სქემა, რომელსაც ის იპარავდა საქართველოს ბიუჯეტიდან კორუფციული სქემებით, ასე რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ელიტური კორუფციისა.ახლა ეს ყველაფერი ჩავსვათ კონტექსტში. სულ ახლახან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილი მოიხსენა მოდერნიზატორად. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი ის დრო, რაც ციხეში ზის, არ გაჩერდნენ არც ბალტიელი პოლიტიკოსები, არც ფრანგები და არც ზოგი პოლონელი პოლიტიკოსი. არ დაგვასვენეს, ჩაწერეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში. კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვს ევროპარლამენტი - ამაზე დიდი სირცხვილი, ამაზე დიდი მხილება თავად ევროპარლამენტის კორუმპირებულობისა რა შეიძლება იყოს. კორუმპირებული, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი სააკაშვილი და მისი მფარველი ვილნიუსელი, ტალინელი თუ ბრიუსელელი პოლიტიკური ქსელი... ერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს საქართველოს საზოგადოებამ მთელი ამ ისტორიიდან - არავის ჭკუის სასწავლებელი ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმსაჯულებას არა აქვს. ყველა ვინც „ფრი მიშას“ კამპანიაში იყო ჩართული, მათ შორის ზოგიერთი ადამიანი მორალური პიედესტალიდან რომ ლაპარაკობს დღესაც, ახლა მაინც არ რცხვენიათ რომ კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ, მოძალადე ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ და კიდევ აქეთ უნდათ, რომ საზოგადოებას ჭკუა ასწავლონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პაპი ფრანცისკე

მსოფლიო 1741545296

ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ

რომის პაპი, რელიგიური ტრადიციის მიხედვით, პეტრე მოციქულის მემკვიდრეა. ფრანცისკე, რომელიც კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია, 266-ეა, რომელმაც პაპის ტახტი დაიკავა.ისტორიაში პირველი ლათინო-ამერიკელი პაპი ბუენოს აირესში, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ღარიბების უბანში დაიბადა.პირველი შვილი იყო ხუთშვილიან ოჯახში. მამამისი, ჩრდილოეთ იტალიელი მიგრანტი, რკინიგზაზე მუშაობდა. ხორხემ დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ქიმიის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ბუენოს აირესის ლაბორატორიაში. მანამდე კი, სწავლის საფასურის გადასახდელად, ერთ-ერთი ბარის დაცვაში მუშაობდა. 1960 წელს გახდა იეზუიტთა ორდენის წევრი და პარალელურად დაიწყო სწავლა ჩილეში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; ფილოსოფიასაც სწავლობდა;1973-1979 წლებში, არგენტინასა და ურუგვაიში ხელმძღვანელობდა "იესოს საზოგადოებას“ და ამავდროულად, კითხულობდა ლექციებს. მოგვიანებით გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ემოციებით შეხვდნენ არგენტინაში 11 წლის წინ მისი კათოლიკური სამყაროს წინამძღოლად არჩევას.დიეგო მარადონას ქვეყანაში დაბადებულსა და გაზრდილს უყვარდა ფეხბურთი. როგორც თითქმის ყველა არგენტინელი, ისიც ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, ქომაგობდა დედაქალაქურ კლუბ "სან ლორენსოს". სპორტული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, პაპმა გაიხსენა თავისი ბავშვობა, როგორ დადიოდა მამასთან ერთად სტადიონზე და როგორ თამაშობდა თანატოლებთან ერთად ფეხბურთს ნაჭრის ბურთით.მღვდლად 1969 წელს აკურთხეს. 1998 წლიდან, ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსად, 2001 წელს კი კარდინალი გახდა. არგენტინაში მისი მოღვაწეობის დროს მღვდელმსახურთა რიცხვი გაორმაგდა და ახალი სამრევლოებიც გაიხსნა.11 წლის წინ, წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელას ბუხრიდან ამოსული თეთრი კვამლი იმის მანიშნებელი იყო, რომ ვატიკანს ახალი პაპი ჰყავდა.ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი, უწმინდესი ბენედიქტე XVI, გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი, აირჩია. პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი მაშინ 76 წლის იყო. ფრანსისკ პირველი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან შეკრებილ მრავალ ათას მორწმუნეს მიესალმა.რომის პაპის არჩევნებში, მსოფლიოს 48 ქვეყნიდან, 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი – აშშ-ს. 2013 წელს, ხორხე მარიო ბერგოლიო გამარჯვებულთა სავარაუდო სიის ხუთეულშიც არ იყო, თუმცა მან მეხუთე კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობის მოპოვება შეძლო და რომის პაპი გახდა. პაპი სულიწმიდის კარნახით ირჩევა, სწორედ ამიტომ ითვლება კონკლავი წმინდა რიტუალად.რომის პაპი რომ გახდა, კარდინალმა ბერგოლიომ წმინდა ფრანცისკე ასიზიელის სახელი დაირქვა. იმ წმინდანის, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით. ფრანსისკ პირველი, პირველია ამერიკის კონტინენტიდან, პირველია სამხრეთ ნახევარსფეროდან და პირველი არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (741წ).კარდინალი ბერგოლიო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ვატიკანში მაღალ თანამდებობაზე მის დანიშვნას და 2005 წელსაც, თავიც კი შეიკავა პაპობის კანდიდატად დასახელებისგან.მოკრძალებული ცხოვრების წესი არც მაშინ შეცვალა, როცა რომის პაპი გახდა. გადაადგილდებოდა ავტობუსით და აკრიტიკებდა იმ სასულიერო პირებს, რომელთაც ექსტრავაგანტური ცხოვრების წესი ჰქონდათ. ტრადიციული ტანსაცმლის გარდა, პაპს უფლება აქვს, ატაროს წითელი ტყავის ფეხსაცმელი და ლეგენდარული "მეთევზის ბეჭედი". პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ, მისი ბეჭედი ნადგურდება. ადრე ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ კარდინალებს საბუთებზე ბეჭდით დამოწმების პროცესი არ გაეყალბებინათ. პაპმა ფრანცისკემ ამაზეც უარი თქვა. ატარებს უბრალო ფეხსაცმელებს და მოოქროვილ ვერცხლის ბეჭედს.კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ სასახლეში გადასვლაზეც და ვატიკანის სასტუმროში ცხოვრობს. სასტუმრო კასა სანტა მარტას 201-ე ოთახში."კურიერი P.S.-ის" კამერამ რამდენიმე თვის წინ გადაიღო სასტუმრო, რომლის ერთ-ერთ ნომერშიც რომის პაპი ფრანცისკე ცხოვრობდა. პაპი რეზიდენციაში მხოლოდ მაშინ მიდის, როცა მაღალი რანგის პოლიტიკოსები სტუმრობენ. საუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, რომის პაპს შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები იცავენ. ისინი დღემდე მიქელანჯელოს მიერ რეკომენდებულ საპატიო სამოსს ატარებენ.პაპი ფრანცისკე ოცამდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. საუბრობს იტალიურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე, საუბრობს ასევე ინგლისურად, ფრანგულად და პორტუგალიურად. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიცაა და მსოფლიო პოლიტიკაში, მისი პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. პაპის მოღვაწეობა ფართომასშტაბიანია და ეხება გლობალურ პრობლემებს. პაპ ფრანცისკეს რამდენიმე განცხადება მსოფლიომ არაერთგვაროვნად შეაფასა, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმთან და ერთნაირსქესიანთან ქორწინებასთან დაკავშირებით.ერთხელ ლოცვის დროს ატირდა კიდეც, ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინა ახსენა. ჯერ ხმა აუკანკალდა, შემდეგ სიტყვის გაწყვეტა მოუწია. პაპმა ლოცვის გაგეძლება, დაახლოებით, ნახევარი წუთის შემდეგ შეძლო.ვატიკანში დუმილს ამ მოედანზე ახლა მხოლოდ მორწმუნეების ლოცვა ცვლის. ლოცვა რომის პაპის გადასარჩენად.წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან ადამიანები ყოველდღე იკრიბებიან და რომის პაპის გადასარჩენად ლოცულობენ. მორწმუნეები ლოცულობენ რომში "აგოსტინო ჯემელის" საუნივერსიტეტო კლინიკის წინაც, სადაც რომის პაპი მკურნალობს. ექიმებმა მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება, სხეულის ტემპერატურის მატებისა და ჰაერის უკმარისობის გამო მიიღეს.88 წლის რომის პაპის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან, კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს. პონტიფიკოსი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ორმხრივმა პნევმონიამ დაამძიმა და ახლა არსებობს სეფსისის განვითარების საფრთხეც. ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. როგორც "ბიბისი" წერს, პაპ ფრანცისკეს ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. წლების წინ, მას ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც განსაკუთრებით მგრძნობიარეა რესპირატორული ვირუსების მიმართ. ბრონქიტის გამო, რომის პაპი საავადმყოფოში გასული წლის მარტშიც გადაიყვანეს, ხოლო დეკემბერში, ავადმყოფობის გამო, მან ვერ შეძლო კლიმატის სამიტზე გამგზავრება.საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, პაპი ფრანცისკე კამერების წინ არ გამოჩენილა. მედია წერს, რომ მსგავსი რამ 2013 წელს, მისი აღსაყდრების შემდეგ არ მომხდარა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაპმა მორწმუნეებს კლინიკიდანაც მიმართა.გავრცელდა ინფორმაციაც, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ რომის პაპი გადადგომას აპირებს, თუმცა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება რომში 25 წლის იუბილეს გამო ერთი წლით გადავადდეს.მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ფრანცისკე პნევმონიით არის დაავადებული, შვეიცარიულ გვარდიას კომენდანტის საათი დაუწესდა. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა "Blick" იტყობინება. მედია წერდა, რომ რომის პაპის დაცვა შესაბამისი სცენარისთვისაც ემზადებოდა.ვატიკანში ახალ პაპს კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგია ირჩევს. მას შემდეგ, რაც მოქმედი პაპი გადადგება ან გარდაიცვლება, შეკრებას კონკლავი (266 პაპიდან მხოლოდ 5 გადადგა) იწყებს. თუ კონკლავის ჩატარების მიზეზი პაპის გარდაცვალებაა, მაშინ პროცესი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება, რათა მანამდე შესაბამისად მოემზადონ დაკრძალვისთვის. ხოლო, თუ კონკლავი პაპის გადადგომას მოჰყვება, მაშინ კარდინალთა კოლეგიას შეკრება მალევე შეუძლია. ბოლო შემთხვევა, როდესაც პაპი გადადგა, იყო 2013 წელს, პაპმა ბენედიქტ XVI-მ დაკავებული ტახტი ასაკის გამო დათმო. კოლეგია, რომელიც პაპის მიერ ინიშნება, ძირითადად 115 წევრისაგან შედგება. მათი ასაკი არ უნდა შემონატროდეს 80 წელს, ვინაიდან თითოეული მათგანი პაპობის პოტენციური კანდიდატია.კონკლავის დაწყების დღეს, კარდინალები სიქსტის კაპელაში შედიან და კარს შიგნიდან კეტავენ. მათ ჩამოერთმევათ ყველა ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომლებიც მათ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ყოველი კენჭისყრის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხი, თვალს ადევნებს სიქსტეს კაპელადან ამომავალ კვამლს. შავი კვამლის შემთხვევაში, კარდინალთა საბჭო იტყობინება, რომ კენჭისყრა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო თეთრი კვამლი მსოფლიოს ახალი პაპის არჩევის შესახებ ამცნობს. კარდინალთა კოლეგიის მეთაური წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან ლათინურად აცხადებს კონკლავის შედეგებს:ამ დროისთვის, ვატიკანში პაპობის სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევა კარდინალი პიეტრო პაროლინი ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, სამოქალაქო ტერმინით ვატიკანის პრემიერ-მინისტრი. პაპის მერე მეორე ადამიანი ვატიკანის უმაღლეს იერარქიაში. პიეტრო პაროლინი, რამდენიმე წლის წინ, საქართველოსაც სტუმრობდა.ვატიკანში თითქოს დრო გაჩერდა. კათოლიკური სამყარო ქრისტეს მოციქული პეტრეს მემკვიდრეს, რენესანსის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი შედევრის აივანზე, ისევ ელოდება.

იუშჩენკო

მსოფლიო 1741019848

20 წლის განმავლობაში აშშ იყო უკრაინელების დასაყრდენი, ამიტომ მტკივნეულია ომის დროს დამცირების ხილვა - ვიქტორ იუშჩენკო

უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ აშშ-ს მოუწოდა, გამოიჩინოს სიბრძნე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფორმულების მოძიებისთვის, სამართლიანი მშვიდობის პირობებისა და უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ ვიქტორ იუშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.„ბოლო 20 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები იყო იმ უკრაინელების დასაყრდენი, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. სიტყვის თავისუფლება, პატიოსანი არჩევნები, საბაზრო ეკონომიკა, გენდერული თანასწორობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – ყველაფერი ეს იყო უკრაინელების მოთხოვნა თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისთვის საკუთარ დამოუკიდებელ ქვეყანაში. ეს ღირებულებები ჩვენ გავზარდეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ლიდერობა ამაში შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა. ეს დიალოგი არასოდეს მიმდინარეობდა დამცირების გზით, და მით უფრო მტკივნეულია ამის დანახვა, როდესაც ეს უცებ ომის დროს გამოვლინდა. როდესაც მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო გაუფასურება. ესაა დარტყმა ნდობისთვის, რომელიც მოითხოვს ძალისხმევას, რომ ურთიერთობებში ბალანსი აღდგეს“, – წერს იუშჩენკო.იუშჩენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა სჭირდება ლიდერობა და ერთიანობა.„არა დისკუსია დიპლომატიური პროტოკოლის ან კოსტიუმის შესახებ, არამედ პოლიტიკური სიბრძნე უსაფრთხოების გარანტიების ფორმულების მოძიებისთვის, სამართლიანი მშვიდობის პირობებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. მშვიდობისკენ იძულება – ეს ცნობილი რუსული ტაქტიკაა, რომელიც რუსებმა გამოიყენეს საქართველოში 2008 წელს. ამის შედეგები ცნობილი და ჭკუის სასწავლებელია. რუსული პროპაგანდა დღეს არყევს მთელ მსოფლიოს. როდესაც კრემლიდან ამბობენ, რომ უკრაინაში დიქტატურაა – ეს პოლიტიკური შიზოფრენიაა. ამ გამოწვევებზე პასუხი უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე კოალიცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვებას. ერთად შეგვიძლია, აგრესორის გეგმები შეუძლებელი გავხადოთ და ვაიძულოთ მას, გადაიხადოს ყველაფრისთვის“, – წერს უკრაინის მესამე პრეზიდენტი.

სირიელი სტუდენტი

მსოფლიო 1738761960

უსინათლო სირიელმა სტუდენტმა ბრისტოლის უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა - მან მხედველობა ქვეყნიდან გაქცევის დროს დაკარგა

 BBC 32 წლის სირიელი მაჰერ ფატუჰის შთამაგონებელ ისტორიას გვიყვება. ფატუჰი 2014 წელს სამშობლოდან ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს გაექცა. ქვეყნის გადაკვეთისას, ლიბანის საზღვართან აფეთქება მოხდა. ექიმებმა მის გადასარჩენად ბევრი იბრძოლეს და მოახერხეს კიდეც, თუმცა ახალგაზრდა კაცმა მხედველობა სრულად დაკარგა.ფაჰუტი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პირველი რამდენიმე წელი მან ენის შესწავლას დაუთმო. 2022 წელს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან მოიპოვა. მოგვიანებით იგი განათლების ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ბრისტოლის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ახლახან კი სასწავლებელი უმაღლესი შედეგებით დაასრულა.გამოსაშვებ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მაჰერმა სიტყვით მიმართა: “როდესაც დიდ ბრიტანეთში ჩამოვედი, ენა არ ვიცოდი, მხედველობაც სრულიად წართმეული მქონდა, რამაც უცხო ქვეყანაში დამკვიდრება ასმაგად გაართულა. მივხვდი, რომ თუ ბრძოლას და სწავლას არ გავაგრძელებდი, მთელი ცხოვრება სხვებზე დამოკიდებული უნდა ვყოფილიყავი, მე კი ეს ძალიან არ მინდოდა”, - ამბობს იგი.კურსდამთავრებულმა მადლობა გადაუხადა ბრისტოლის უნივერსიტეტს, რომელმაც მასზე ადაპტირებული გარემო შექმნა. უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი და პრეზიდენტი, ეველინ უელჩი ამბობს, რომ მაჰერი გამოშვების ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი და განსაკუთრებული სიმტკიცით დაჯილდოებული ადამიანია.ფატუჰი სამშობლოში 10 წელზე მეტია, არ დაბრუნებულა, თუმცა იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ცვლილება მას საშუალებას მისცემს, ოჯახი კვლავ იხილოს. შეგახსენებთ, რომ სირიაში ასადების მრავალწლიანი დიქტატურა გასული წლის დეკემბერში ამბოხის შედეგად დასრულდა.