1750017082
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განწყობა ნეიტრალურია, რადგან ჩვენ მაინც ვიცით საბოლოო შედეგი რა იქნება“ - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობას ნეიტრალური განწყობა აქვს, რადგან მათ კარგად იციან, რა იქნება საბოლოო შედეგი.
როგორც ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ოპოზიცია პირდაპირ ექვემდებარება გარე მმართველობას და მათ "რევოლუციური სცენარი ყოველთვის შემონახული აქვთ".
"შეიძლება თქვას, რომ ჩვენი განწყობა ნეიტრალურია, რადგან ჩვენ მაინც ვიცით, საბოლოო შედეგი რა იქნება. შედეგი იქნება ის, რომ, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები, იტყვიან იმავეს, რაც თქვეს 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რაც თქვეს 20202 წლის არჩევნების შემდეგ. ისევ ველით, რომ იქნება კამპანია - "გაყალბდა არჩევნები". ახლაც რომ დავაკვირდეთ, ჩვენ შეგვიძლია პარალელები გავავლოთ იგივე 2020 წელთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ისინი დამოუკიდებლად, ან საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ ექვემდებარებიან გარე მმართველობას. 2020 წლის შემდეგაც დაახლოებით ასეთი სურათი გვქონდა. ჩამოვიდა შარლ მიშელი და მაშინ შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველამ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა. ეს ერთგვარად შემონახული იყო იმისათვის, რა პროცესებიც შემდგომ განვითარდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობით - ნიკა მელიას ბუნტები, დაუმორჩილებლობები, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მთელი სცენარები. ამიტომ, ეს სცენარი ყოველთვის შემონახულია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.