1750017082
ვინ არის და რა კავშირი აქვს ქართველ ახალგაზრდას 17 წლის მოზარდთან, რომელმაც ამერიკაში სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა - რიტუალური დაჯგუფების ქართველი ფიგურანტი

მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელსაც მიმდევრები “მეთაურ ყასაბს“ უწოდებენ, უკვე შეერთებული შტატების ციხეშია. ის, FBI-ს აგენტების მონაწილეობით, გასულ წელს მოლდოვაში დააკავეს და რამდენიმე დღის წინ მისი ექსტრადაცია ამერიკაში განხორციელდა. გამოძიების ფედერალური ბიურო მას ბავშვების მასობრივი მკვლელობის მომზადებას ედავება.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილმა თანამოაზრეებს მასობრივი მკვლელობის სახელმძღვანელო გაუზიარა და მომწამლავი ნივთიერების შექმნის ინსტრუქციაც მიაწოდა. გეგმის მიხედვით, სანტა-კლაუსის ფორმაში შენიღბულ პირს ბრუკლინში, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეული უნდა დაერიგებინა. დანაშაულის პოტენციური შემსრულებელი სინამდვილეში FBI-ს ჩანერგილი აგენტი აღმოჩნდა. სქემის გაშიფვრის შემდეგ მიხეილ ჩხიკვიშვილი კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს და ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებს გადასცეს.
ის რაც თავად ვერ მოასწრო, სისრულეში მისმა მიმდევრებმა მოიყვანეს. ტენესის შტატში, ანტიოქიის სკოლაში 17 წლის სოლომონ ანდერსონმა ცეცხლი იმ დროს გახსნა, როცა მოსწავლეები კაფეტერიაში იმყოფებოდნენ. შედეგად მოკლა 16 წლის გოგონა, ერთი თანატოლი კი მძიმედ დაჭრა.
ტენესის სკოლაში მსროლელმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიებამ აღმოაჩინა აუდიო შეტყობინება, რომელიც სოლომონ ანდერსონმა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერა. ჩანაწერში ამბობს, რომ “მეთაური ყასაბის“, ანუ მიხეილ ჩხიკვიშვილის შთაგონებით მოქმედებდა. მის ლეპტოპში ასევე იპოვეს 288-გვერდიანი დღიური, სადაც სოლომონ ანდერსონი მასობრივ მკვლელობებზე, მათ შორის მშობლების დახოცვაზე საუბრობს.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საბრალდებო დასკვნით, ცნობილი ხდება, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილია პასუხისმგებელი 2024 წლის აგვისტოში, თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მომხდარ თავდასხმაზეც. ქალაქის მთავარი მეჩეთის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა 5 ადამიანი მძიმედ დაჭრა, პროცესს კი სოციალურ ქსელში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით გადასცემდა. დანაშაულის დროს ის ნაცისტური სიმბოლოებით გაფორმებული სამოსით გადაადგილდებოდა და თავდასხმამდე ასევე გამოაქვეყნა მანიფესტი სახელწოდებით “სიძულვილის სახელმძღვანელო“, რომლის ავტორიც მიხეილ ჩხიკვიშვილია.
"კურიერი P.S." თბილისში, მიხეილ ჩხიკვიშვილის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ აქ ყოფნის პერიოდში ახალგაზრდა კაცისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. ვცადეთ ჩხიკვიშვილის ოჯახთან გასაუბრებაც, თუმცა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულის მამამ კამერის წინ საუბარი არ ისურვა.
"ემ-ემ-ქიუ" - ანუ ე.წ. მანიაკური მკვლელობების კულტი - ასე ჰქვია 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილის ნეონაცისტურ ორგანიზაციას, რომელმაც ონლაინ სივრცეში ასობით ადამიანი გააერთიანა. ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობებით, ჩხიკვიშვილის დაჯგუფებას ასევე კავშირი აქვს "764-ის" სახელით მოქმედ ძალადობრივ ქსელთან, რომელიც მიმდევრებს პოპულარულ სათამაშო პლატფორმებზე იკრებს.
ე.წ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერს, მიხეილ ჩხიკვიშვილს შეერთებული შტატების მართლმსაჯულება ოთხი ბრალდებით გაასამართლებს. მას 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება.