ვახტანგ გომელაურის კომენტარი პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით

გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ.

გომელაურმა დაადასტურა, რომ პროკურატურაში ჩორჩანასთან 2019 წელს პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით იკითხებოდა.

„გიდასტურებთ, რომ გამოკითხვა ეხებოდა ჩორჩანას საქმეს. ჰქონდათ კითხვები, რადგან მაშინ ვიკავებდი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. გიდასტურებთ, რომ შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ შეთანხმებული არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმაზე.

ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, რომ ყოფილა დათანხმება, რომ კი ბატონო, გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაგვეყენებინა, უსაფრთხოების სამსახური, მერე საქმის კურსში ვაყენებდით ევროკავშირის მისიას და ასე ხდებოდა ყველაფერი, თუნდაც, გაძლიერება ამა თუ იმ მიმართულებით.

ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, გავიგეთ უკვე პოსტ ფაქტუმ, როცა უკვე დაიწყო გზის დამუშავება, ეს საგუშაგო ერთ დღეში ხომ არ გაკეთდა. პრემიერ-მინისტრი, მე როგორც ვიცი, არ იყო საქმის კურსში და ჩვენ მოვახსენეთ.

ასე არ ხდებოდა, რომ რაღაც საფრთხე გაიგო შინაგან საქმეთა მინისტრმა და „წავედი, ახლა მე იქ საგუშაგო უნდა ჩავდგა“. ასეთი რაღაც დაუშვებელია. ამას შეიძლება, მართლა დიდი უბედურება მოჰყვეს. გიორგი გახარია იქნებოდა თუ ვახო გომელაური, უნდა შეეთანხმებინა უსაფრთხოების სამსახურთან, შემდეგ ერთობლივი დამუშავებული ინფორმაცია წასულიყო პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის გვეთქვა, რომ აი, აქ საფრთხეა, ან თქვენ დაარეგულირეთ, ან ჩვენ უნდა შევიყვანოთ.

ასობით ჰექტრობით ტყე დავკარგეთ, ხალხმა საძოვრები დაკარგა. საერთოდ, შეიძლება ომის [საფრთხის] წინაშე დავმდგარიყავით. თავად გასცეს პასუხი [გიორგი გახარიამ], რა მიზანი ჰქონდა. იქ შეიძლებოდა, სხვა პრევენცია გაკეთებულიყო. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა რამე ვურჩიეთ. რუსეთის წისქვილზე უკვე დაასხა წყალი [გახარიამ], ასობით ჰექტარი უკვე წაიღეს რუსებმა, დროებით, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გომელაურმა.

2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 11 ივნისს განიხილა.

სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზისშვილმა განაცხადა: „გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით.“