„რა გავაკეთოთ ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემთხვევაში?“ - ექიმ არჩილ მარშანიას განმარტება საზოგადოების კითხვებზე

არჩილ მარშანია

ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ნათანზში ურანის გამამდიდრებელი ობიექტი დაზიანდა. ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ეს საწარმო ირანში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია.

ირანული მხარისგან მიღებული ინფორმაციით, რადიაციის დონე არ გაზრდილა. თუმცა, საზოგადოებას გარკვეული კითხვები მაინც აქვს.

ამასთან დაკავშირებით, ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

„პირადში ხშირად დასმული შეკითხვებიდან: 1 - რა გავაკეთოთ ირანში ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამო?

2 - დავლიოთ თუ არა იოდი?

მოკლე პასუხები:

1 - არაფერი არ უნდა გავაკეთოთ.

2 - არა, არ უნდა დავლიოთ იოდი.

ეს ბირთვული ობიექტები არ არის რეაქტორები, როგორიც იყო ჩერნობილი, უმეტესობა არის ურანის გამამდიდრებელი ობიექტები და არა რეაქტორი. რადიოაქტიური იოდი კი წარმოიქმნება ოპერირებულ რეაქტორში.

ეს არის სულ რაც უნდა ვიცოდეთ, არანაირი საფრთხე ჩვენთვის არ არსებობს ახლა და დიდი ალბათობით არც იარსებებს მომავალში. რამე თუ იქნება, იქნება ჩვენთვის საფრთხე, იქნება ოფიციალურ დონეზე გაცხადებული, ასე რომ, ჯობია მშვიდად ვიყოთ და არ ავყვეთ უაზრო პანიკას. დაახლოებით იგივე ამბავია, სულ ახლახან რომ იყო ასევე უაზრო პანიკები უკრაინაზე, იოდს რომ ყიდულობდა ყველა და შავ ზღვაზე, ერთი თვე რომ იმაზე ვმსჯელობდით, ბანაობა შეიძლება თუ არა და ზღვის სეზონი რომ მოვიდა, ყველას რომ დაავიწყდა.

ასე რომ, გაუფრთხილდით ნერვებს და თუ მაინცდამაინც დაინტერესდებით ამ საკითხით, წაიკითხეთ მხოლოდ ოფიციალური სააგენტოების ინფორმაციები. ჯანმრთელობას გისურვებთ,“ - წერს მარშანია.