„პარტიებს შორის კომუნიკაცია არ არის შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენი პოზიცია ამ პირობებში გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლევან სანიკიძე არჩევნებზე

ლევან სანიკიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მათი პოზიცია ამ პირობებში გადახედვას არ ექვემდებარება და "კოალიცია ცვლილებებისთვის“, დიდი ალბათობით, იგივე პოზიციაზეა.

როგორც სანიკიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ოპოზიციურ ფლანგზე შექმნილი გაუგებრობა "ლელოს" ორჭოფობით არის გამოწვეული და მას აინტერესებს, რამ შეცვალა მათი პოზიცია.

„პარტიებს შორის კომუნიკაცია არ არის შეწყვეტილი და საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ ამ მდგომარეობაში ქართულ საზოგადოებას არ ჩავაყენებთ და ეს პირველ რიგში საზოგადოების დაკვეთაა, რომ ერთიანობა იყოს. მაგრამ, ჩვენი პოზიცია ამ პირობებში გადახედვას არ ექვემდებარება. ეჭვი მაქვს, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის", რომლის ოთხი ლიდერიდან სამი უკვე ციხეშია იგივე პოზიციაზეა. მსუბუქად რომ ვთქვათ, ის გაუგებრობა, რომელიც ოპოზიციაში არის, გამოწვეული "ლელოს" პოზიციის, ორჭოფობის გამო. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეუერთდა 26 მაისს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ არჩევნებზე არ გადიოდა ორგანიზაცია თუ არ ტარდებოდა იმავე დროს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ან ჯერ ახალი საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები. ასევე, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებოდნენ გარეთ და თუ არ იქნებოდა ნორმალური ცესკო. ამიტომ, კითხვის ნიშნის ქვეშ ეს პროცესი დააყენა „ლელომ". დისკუსია გახსნა ყველაზე უდროო დროს. მე არაერთხელ მითხოვია „ლელოს" წარმომადგენლებისთვის, რომ - როდესაც ისმეოდა თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა-არ შესვლის საკითხი, მაშინვე გაგვეკეთებინა მკაფიო განცხადება, ან ჩამოგვეწერა პირობები, რა დროს განვიხილავთ შეცვლას ან რა პირობებში შეიძლება დავფიქრდეთ. ანუ გვქონოდა ოპოზიციას საერთო პოზიცია. მარტივი შეკითხვა მაქვს - რამ გამოიწვია მათი პოზიციის ცვლილება, რა გააუმჯობესა ბიძინა ივანიშვილმა აღებინებია მიმართულებით?“, - აცხადებს ლევან სანიკიძე