1750081560
უსინათლო სირიელმა სტუდენტმა ბრისტოლის უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა - მან მხედველობა ქვეყნიდან გაქცევის დროს დაკარგა

BBC 32 წლის სირიელი მაჰერ ფატუჰის შთამაგონებელ ისტორიას გვიყვება. ფატუჰი 2014 წელს სამშობლოდან ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს გაექცა. ქვეყნის გადაკვეთისას, ლიბანის საზღვართან აფეთქება მოხდა. ექიმებმა მის გადასარჩენად ბევრი იბრძოლეს და მოახერხეს კიდეც, თუმცა ახალგაზრდა კაცმა მხედველობა სრულად დაკარგა.
ფაჰუტი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პირველი რამდენიმე წელი მან ენის შესწავლას დაუთმო. 2022 წელს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან მოიპოვა. მოგვიანებით იგი განათლების ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ბრისტოლის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ახლახან კი სასწავლებელი უმაღლესი შედეგებით დაასრულა.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მაჰერმა სიტყვით მიმართა: “როდესაც დიდ ბრიტანეთში ჩამოვედი, ენა არ ვიცოდი, მხედველობაც სრულიად წართმეული მქონდა, რამაც უცხო ქვეყანაში დამკვიდრება ასმაგად გაართულა. მივხვდი, რომ თუ ბრძოლას და სწავლას არ გავაგრძელებდი, მთელი ცხოვრება სხვებზე დამოკიდებული უნდა ვყოფილიყავი, მე კი ეს ძალიან არ მინდოდა”, - ამბობს იგი.
კურსდამთავრებულმა მადლობა გადაუხადა ბრისტოლის უნივერსიტეტს, რომელმაც მასზე ადაპტირებული გარემო შექმნა. უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი და პრეზიდენტი, ეველინ უელჩი ამბობს, რომ მაჰერი გამოშვების ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი და განსაკუთრებული სიმტკიცით დაჯილდოებული ადამიანია.
ფატუჰი სამშობლოში 10 წელზე მეტია, არ დაბრუნებულა, თუმცა იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ცვლილება მას საშუალებას მისცემს, ოჯახი კვლავ იხილოს. შეგახსენებთ, რომ სირიაში ასადების მრავალწლიანი დიქტატურა გასული წლის დეკემბერში ამბოხის შედეგად დასრულდა.