სასიხარულო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვარკეთილის მიმართულებით მგზავრობენ
1752176215
ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს გვიზიარებს. ზურა ემოციურ სტატუსს ამჯერად მეყვავილეებზე წერს.
„ცოცხალი ყვავილებით მოვაჭრეები ჩვენ რომ ვიძინებთ მაშინ იღვიძებენ. არავინ იცის ვინ დააწესა ასე და რატომ არ შეიძლება ყვავილი იყიდებოდეს დილიდან საღამომდე, ისე როგორც ხილი, ბოსტნეული, მწვანილი ან სხვა ნებისმიერი რამ. ასეა და მორჩა.. ქალაქის ყველა მეყვავილე ნავთლუღის ბაზარში ღამით იკრიბება რომ თავიანთი საყვავილე მაღაზიებისთვის და დახლებისთვის წავკისიდან დიღმიდან, კოჯრიდან, საგურამოდან და მისაქციელიდან ჩამოტანილი ყვავილები იყიდონ. უცხოეთიდან ჩამოტანილი ყვავილიც აქ გამოაქვთ გასაყიდად.
ცალკე ამბავია მწვანე ფოთლებით და მასალით მოვაჭრეები, გვირგვინებისთვის, კალათებისთვის, თაიგულებისთვის ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს მწვანეს აქ ვყიდულობთ. ბაზარში ყველას თავისი როლი აქვს მორგებული და ვიცით რომ თუ ვარდი გვინდა თემურას უნდა მივმართოთ, თუ ჰორტენზიები ბათუმელ ცეხოს, თუ გიორგინა და ჩამოტანილი ყვავილი ანზორას, თუ გაღვიძება გეზარება და გინდა შენს მაგივრად შეარჩიოს და იყიდოს რუზანას და გოგილოს უნდა დაუმეგობრდე. ამ ქალებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების უსაყვარლესი, ფუმფულა, ლოღებაღაჟღაჟებული მეგრელი დალია. დალი დასავლეთიდან ჩამოტანილი მწვანე მასალით ვაჭრობს და რა უნდა სთხოვო რისი ფოთოლი, ტოტი, ღერო რომ ვერ გაგიჩინოს.. რა დროსაც გინდა დაურეკე დალი დეიდა იასამნი მინდა დიდ ორ მეტრიან ტოტებზე, მოგიკვდეს დალი, მოგიტანს.
დალი დეიდა ფინიკის პალმის ტოტები მჭირდება არც დიდები არც პატარები, ლამაზები, საშუალო ზომის, შემოგევლოს დალმა, მოაფრიალებს. დალი დეიდა ჰორტენზიები მჭირდება არც ჭყინტი არც მშრალი, ისე საშუალო, ფირუზისფერი, გენაცვალოს დალმა, გაგიჩენს. ნეკერცხლის ტოტები მჭირდება შეწითლებული ფოთლებით, მოგიკვდეს დალმა… გაუჩენელს გაგიჩენს. ერთხელ ვმუშაობ, შუა ღამეა, მოვიხედე და არ მაქვს ვენახის ლერწები რომელიც ვთხოვე წინა დღეს. ვურეკავ საყვედურით. გაბრაზება არ შეუძლია, საამისოდ მეტისმეტად კეთილია. რომ წყინს მთლად მეგრულზე გადადის: “ზურიკო დიდა, ახლა არის ღამის 4 საათი და მე ვარ ტყეში, გიმზადებ რაც მთხოვე და მეტი რა ქნას დალმა?” ათი წელი მაინც გავიდა მას მერე როცა მსაყვედურობენ და ვბრაზდები სულ ვამბობ “მეტი რა ქნას დალმა?..“ – წერს ზურა შევარდნაძე.