ჟორჟოლიანი: ჩვენი კონცეფცია მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით, რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას, მშვიდობა ნიშნავს მეტ სტაბილურობას, ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა

ჟორჟოლიანი

ეკონომიკური თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგები გვაქვს - ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 % იყო და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, გეოპოლიტიკური გაურკვევლობების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

„გლობალური გაურკვევლობების პირობებში, შეუძლებელია რაიმეს წინასწარ გათვლა, რადგან ბევრი რამეა ბუნდოვანი მომავლის პრიზმაში. ამიტომ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ადამიანებში ინვესტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ სამთავრობო უწყებები გამართულად მუშაობდნენ, აცნობიერებდნენ ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, ჰქონდეთ შესაბამისი შედეგები და მიღწევები. სწორედ ასე ხდება ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. გეოპოლიტიკური გაურკვევლობების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მედეგობა და მთავრობის მიერ ამ პრინციპების დემონსტრირება. საქართველო ზომით პატარა ქვეყანაა, მდიდარი ისტორიითა და ამაყი ხალხით. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

თუ ყველა ამ გამოწვევის დაძლევა გაქვს განზრახული, ჯერ მკაფიო და ცხადი გეგმა, კონცეფცია და პოლიტიკა უნდა შეიმუშაო, რათა გესმოდეს, როგორ მოქმედებ გლობალური გაურკვევლობების პირობებში. ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება. ამდენად, საქართველო - არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას. მშვიდობა კი ნიშნავს მეტ სტაბილურობას; ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის კეთილდღეობისთვის,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.