საქპატენტსა და „NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი

საქპატენტსა და „NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა სალომე პირველმა.

მემორანდუმის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების დარგში სტუდენტთა ცოდნის გაღრმავება და კურსდამთავრებულების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, რაც დაეხმარება ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და აკადემიურ სექტორში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, თემატური პანელური დისკუსიები, სემინარები, ტრენინგები და მასტერკლასები, რის საფუძველზეც სტუდენტები ეზიარებიან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებსა და მათი დაცვის მექანიზმებს. სტუდენტთა ინოვაციური და საგამომგონებლო უნარების განვითარების მიზნით ჩატარდება ისეთი შემეცნებითი ხასიათის კონკურსები, როგორებიცაა იდეათონი და ჰაკათონი.

მემორანდუმით გათვალისწინებულია საქპატენტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმში მონაწილეობა. ასევე, იგეგმება სტუდენტების ჩართვა სტაჟირების პროგრამებში ინტელექტუალური საკუთრებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით. უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქპატენტის ეგიდით გამართულ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიაში.

ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი სტუდენტთა დაინტერესება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კადრების მოზიდვასა და დარგის განვითარებას.