საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს სასკოლო მედიაციის ევროპელი ექსპერტი ეწვია

რეკლამ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე სასკოლო მედიაციის ექსპერტს, ორგანიზაცია „ალბას“ ტრენერს, ჰეიდი დეფივერს შეხვდა. ნიდერლანდელი ექსპერტი საქართველოში მანდატურის სამსახურის მოწვევით იმყოფება. გელა გელაძემ ჰეიდი დეფივერს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან სასკოლო მედიაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისა და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ჰეიდი დეფივერმა მედიაციის პროცესების სუპევიზია გამართა. შეხვედრაზე მანდატურის სამსახურის მიერ საპილოტე სკოლებში მედიაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები და კონკრეტული სამედიაციო შემთხვევები განიხილეს.

საგანმნათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის უპრეცედენტო პროექტი 2021 წლიდან აამოქმედა. საწყის ეტაპზე, სასკოლო მედიაციის განხორციელება საპილოტედ შერჩეულ, საქართველოს 29 საჯარო სკოლაში დაიწყო, მათ შორის, აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონებსა და თბილისში.

სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. მისი მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია. მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებიან.