როგორ ცხოვრობს ნეაპოლში ქართველი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიაში ხშირად ერევათ - სახალისო ისტორიებს დავითი „პრაიმტაიმს“ უყვება

ფეიქ ხვიჩა

იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა, ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ მას იტალიის ქუჩებში ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და ხშირად ფოტოების გადაღებასაც სთხოვენ.

„პრაიმტაიმი“ პოსტის ავტორს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორ ცხოვრობს „ხვიჩას ორეული“ ქალაქ ნეაპოლში, სადაც ამ დროისთვის კვარაცხელიას სახელს უკვე ყველა იცნობს. 

ბიჭი, რომელიც ქართველს თუ იტალიელს ხვიჩაში ხშირად ერევათ, დათო ჟორჟოლიანია. იგი ნეაპოლში უკვე 8 თვეა ცხოვრობს. საკუთარი გამოცდილების შესახებ „პრაიმტაიმს“ დათო თავად უყვება: 

„საერთოდ არ ველოდი, რომ პოსტს ამხელა გამოხმაურება ექნებოდა. სანამ ამ პოსტს დავდებდი, ჩემს Instagram გვერდზე ვაკეთებდი სთორებს და ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა ხვიჩას გავხარო. 

იტალიაში დაახლოებით 8 თვეა ვცხოვრობ. თავიდანვე ასეთი გამოხმაურება არ ყოფილა. თავიდან ერთმა ქალმა ვიდეოც გადამიღო. გამაჩერა შენ ხვიჩა კვარაცხელია ხარო და ისეთი ვიდეო გადაიღო ვითომ ქუჩაში ხვიჩა შემხვდაო. ძირითადად ქუჩაში ხშირად არ დავდივარ, რადგან სულ ვმუშაობ, მაგრამ როცა გავდივარ, მსგავსი ისტორიები ბევრია ხოლმე. ჩემი უფროსებიც ჩემთან ფოტოებს იღებენ. ხვიჩამ ძალიან სხვანარიად გააცნო ჩვენი ქვეყანა იტალიას.

ახლახან თამაში იყო ხვიჩა კვარაცხელიასი და აქ ძალიან ზეიმი იყო. მე მეცვა ხვიჩას ფორმა, დავდიოდი ქუჩაში. 3 საათზე დაიწყო ფეხბურთი. ჩემთან მოვიდა პატარა ბავშვი და მეუბნება შენ ხვიჩა ხარო. მეხუტება, თან მკოცნის. ისე გამითბა გული ამ დროს რომ არ ვიცი. ბოლოს დედამისმა დაუძახა მიდიოდა და კარგად იყავი ხვიჩაო. ფოტოებსაც ხშირად იღებენ ჩემთან.

კიდევ იყო ასეთი ისტორია, ჩემს ნათესავს გავყევი ტელეფონის საყიდლად და გამყიდველმა ფოტო გადაიღო ჩემთან ხვიჩა ხარო, ცოტა ფასიც კი დაგვიკლეს. ასეთ დროს ძირითადად ვიცინი ხოლმე და ვეუბნები, რომ მე არ ვარ. ამ ბოლოს დროს მეც მომეწონა ეს მსგავსება და ასეთი ფოტო გავაკეთე, რაც შემდეგ ჩემი მეგობრის თხოვნით, სოციალურ ქსელში ავტვირთე. 

თამაშებზე ხშირად დასწრებას ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ ვმუშაობ და მხოლოდ კვირა მაქვს თავისუფალი. ქუჩაში რომ არის შეკრებები და დიდ მონიტორზე უყურებენ, ძირითადად მეც მანდ ვარ ხოლმე“,- ამბობს დათო ჟორჟოლიანი.

იტალიაში ჩასულ ქართველს ძალიან დიდი სურვილი აქვს პირადად გაიცნოს ხვიჩა კვარაცხელია. ადამიანი, რომელსაც ყველა ადარებს და ფოტოც გადაიღოს მასთან.