სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
ჩვევა, დაწეროთ შეტყობინება და არ დარეკოთ, ანტისოციალურობას არ ნიშნავს: ასეთი ადამიანების 4 თვისება
სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას, ნაცვლად დარეკვისა. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ქცევის მიღმა საინტერესო ფსიქოლოგიური მექანიზმები იმალება, რომლებიც მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ვურთიერთობთ სამყაროსთან, - წერს გამოცემა Psychologies.
კორნელის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, ეს არჩევანი ბევრ რამეს ამბობს იმაზე, თუ როგორ აწყობთ ურთიერთობებს, როგორ მართავთ ემოციებს და როგორ ანაწილებთ პრიორიტეტებს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ქცევა შესაძლოა თქვენი პიროვნების სიღრმისეულ თვისებებს ასახავდეს.
ამ დასკვნამდე მისასვლელად ამერიკელმა ფსიქოლოგებმა 24 ადამიანის მობილური კავშირის (ზარებისა და SMS-ების) 18-თვიანი ჩანაწერები გააანალიზეს.
მათი კვლევა აჩვენებს, რომ კომუნიკაციის სქემები (როდის რეკავენ და როდის წერენ შეტყობინებას) ხშირად განსხვავდება არხის მიხედვით, რაც შეიძლება სხვადასხვა ჩვევას, საჭიროებასა თუ ფსიქოლოგიურ პრეფერენციას გამოხატავდეს:
1. მოქმედებამდე გააზრების საჭიროება - ადამიანები, რომლებიც შეტყობინებების გაგზავნას ამჯობინებენ, ხშირად „შინაგანი ანალიტიკოსები“ არიან. მათ სჭირდებათ დრო, რათა პასუხის გაცემამდე აზრები დაალაგონ და მათი ნათქვამი უფრო ზუსტი და გააზრებული იყოს.
2. სიცხადისა და სიზუსტისკენ სწრაფვა - SMS-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ გაგზავნამდე სიტყვების ხელახლა ფორმულირების, გადაკითხვისა და კორექტირების საშუალებას იძლევა. ეს კომუნიკაციაში სიცხადისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. მათთვის, ვინც ურთიერთობის ამ ფორმას ირჩევს, სიტყვების სიზუსტეს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, წერილობითი ფორმა კი შეტყობინების დახვეწის შესაძლებლობას აძლევს.
3. ზედაპირულ ურთიერთობაზე უარის თქმა - გამოცემა აღნიშნავს, რომ სატელეფონო ზარები ხშირად მოითხოვს თავაზიანი ფრაზების გაცვლას, რაც ზოგჯერ ნაძალადევად ჟღერს, ასევე ისეთ ტონს, რომელიც შეიძლება ხელოვნურად გამოიყურებოდეს. მათთვის, ვინც SMS-ს ამჯობინებს, მსგავსი ზედაპირული ინტერაქცია დამღლელია. სამაგიეროდ, ტექსტური შეტყობინებები აზრების უფრო უშუალოდ გამოხატვის საშუალებას იძლევა, ყოველგვარი როლური თამაშის გარეშე.
4. ემოციური დატვირთვის მართვა - სტატიაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრები შესაძლოა ემოციურად დამქანცველი იყოს, რადგან მყისიერ ყურადღებასა და ემოციების მუდმივ კონტროლს მოითხოვს. ისინი, ვინც მიმოწერას ირჩევენ, ხშირად ძალიან ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ ემოციურ მდგომარეობას და ურჩევნიათ, ეს დატვირთვა უფრო აწონ-დაწონილად მართონ.
„შეტყობინებების გაცვლა მათ საშუალებას აძლევს, უპასუხონ მაშინ, როცა თავს მზად გრძნობენ და საუბარი შეუძლიათ“, - ასკვნის გამოცემა.