„მე, ხათუნა ჟორდანია, ნახევრად ქართველი და ნახევრად რუსი, მივიჩნევ, რომ ერთი მანიაკის გამო, რუსი ხალხის შეძულება, არასწორია“ - ხათუნა ჟორდანია

xatuna jordania

"აქ შემოსვლა აღარ მინდა, ისეთი სიძულვილი ტრიალებს. ამიტომ დღეს მაქვს დრო და უნდა გავწმინდო ჩემი ფეისბუქსივრცე" - წერს სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე. იქვეა ხათუნა ჟორდანიას კომენტარი: იმედია, ჩემი რუსი ბებიის გამო, არ წამშლიო. ბუნებრივია, იუმორნარევ კომენტარს რეაქციები მოჰყვა.

ხათუნას ბებია, ნატაშა საპატინა-ბლაუ მოსკოველი რუსი იყო. იმ დროს, როდესაც ხათუნას ბაბუა, ნოე ჟორდანიას საფრანგეთში მიჰყვებოდა, გზად ქმარს გაყრილი, ორ შვილიანი ნატაშა გაუცნია, რასაც მისი გეგმები აბსოლუტურად შეუცვლია.

როგორც ხათუნა ჩვენთან საუბარში ამბობს, რუსული, მასში, გარეგნობაა. აღიზიანებს, როდესაც დღეს რუსი ერის მისამართით, ზიზღია გამეფებული.

ხათუნა ჟორდანია: სპეციალურად არ შევდივარ ფეისბუქში, რადგან არ ვახო ის რაც დღეს ხდება. მე ხათუნა ჟორდანიას, რომელსაც ორი ერის სისხლი მაქვს, არ მომწონს ის კატეგორიული განწყობა რაც რუსების მიმართ აგორდა საქართველოში. ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველას მსგავსად, ომი მეც მძულს, გული მიჩერდება იმ საშინელ ამბებზე, რაც უკრაინელ ხალხს ჭირს. მაგრამ ერთი მანიაკის გამო, მთელი რუსი ხალხის შეძულება, მგონია, რომ შეცდომაა. ჩემი სუბიექტური მოსაზრება ესაა. ეს იგივეა, რომ ვინმეს, საზღვრებს გარეთ სძულდეს სააკაშვილი, ან ივანიშვილი და მათ გამო, მთელი საქართველო და ქართველები შეიძულოს. რუსი ხალხის ან ნებისმიერი ერის მიმართ, ისეთი კატეგორიული დამოკიდებულება, რომ უნდა ჩავქოლოთ და გავაძევოთ, ზედმეტი და ჩვენგან არასწორია. ჩვენ ხომ კეთილმოსურნე, სტუმართმოყვარე ერი ვართ.

თეონა კონტრიძეს, რომელთან ერთადაც გავიზარდე, არაჩვეულებრივი რუსი ქმარი ჰყავს. აქ რომ ჩამოვლენ, ვინმემ უნდა გაბედოს და ქუჩაში შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს? და ეს სწორია? კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი ეროვნების ადამიანები ქართველებმა დაჩაგრონ.

ვიმეორებ, ვგმობ ომს, გული მეკუმშება იმაზე, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

რაც შეეხება ჩემს ფესვებს. როდესაც საქართველოდან მენშევიკები წავიდნენ, ბაბუა, ნოე ჟორდანიასთან ერთად, ჩავიდა საფრანგეთში. თუმცა გზიდან მობრუნდა საქართველოში, რადგან ქმარს გაყრილი, ორ შვილიანი ბებია შეხვედრია... ნატაშა გაიცნო და ჩამოიყვანა საქართველოში. ბებიას უფროსი ქალიშვილი, ანუ მამიდაჩემი, უკვე გათხოვილი იყო რუსეთში. ვაჟი, კოლია ბლაუ კი, საქართველოში ჩამოიყვანეს. კოლიას ვაჟთან, ანუ ჩემს ბიძაშვილთან, საშკასთან, რომელიც ახლა სოჭში ცხოვრობს, ინტენსიური და ახლო ურთიერთობა მაქვს. მამიდაშვილებთან კონტაქტი არ მაქვს. მამას არ ჰქონია თავის დასთან კავშირი. როდესაც მამა "დინამოში" თამაშობდა, მოსკოვში ერთ-ერთი თამაშის დროს მასთან მისულა სამხედრო პირი, შენი სიძე ვარო, უთქვამს. ამას რომ ჰყვებოდა მამა, კარგად მახსოვს.