„ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი მონაპოვარია. გეტყვით, რითი ვერთობი...“ - როგორია იუბილარი ნონა გაფრინდაშვილის განწყობა

nona

ქართული ჭადრაკის დედოფალი 82 წლის გახდა. 

"რა არის დასამალი; წლები მემატება, თანაც ძალიან ჩქარა. არ მიყვარს ხმაური. ამ დღესაც ძალიან ჩვეულებრივი განწყობით ვხვდები. ვიღებ მილოცვებს და ოჯახს წევრებთან ერთად ვატარებ დაბადების დღეს. მადლობა" - ამბობს "პრაიმტაიმთან" ნონა გაფრინდაშვილი.

ერთი ქალის ბიოგრაფიისთვის ძალზე დახუნძლულია მისი ცხოვრება. მსოფლიო აღიარება, ხალხის სიყვარული და ტიტულებით სავსე შლეიფი, რომელიც თან მოსდევს ნონა გაფრინდაშვილის სახელს.

ნონა გაფრინდაშვილი: ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე. ჩემი ცხოვრების არსი ჭადრაკი იყო. მსოფლიო მოვიარე, ყველგან უპრობლემოდ, ხალხი ყველგან მიღებდა თბილად. დადებით დამოკიდებულებას მუდმივად ვგრძნობდი. ამ ყველაფერმა შექმნა ჩემი სახელი, დადებითი ემოციები დამიტოვა.

ჭადრაკი მთლიანად სტრატეგიაზე აგებული ინტელექტუალური თამაშია, თუმცა სპორტის ნებისმიერ სახეობას სჭირდება ინტელექტი. ჭადრაკში სპორტის ელემენტებიც შედის და ბევრი სხვა რამეც – ხელოვნებაც და მეცნიერებაც. ახალგაზრდებს, ვინც ჭადრაკს თამაშობს, ბევრ რამეში ეწყობათ ხელი.

როცა წლები გემატება და ყველაფერს თავს ანებებ, აი, მაშინ სწრაფად ხდება დაბერება. მე შინაგანი განწყობით და აზროვნებით, ჯერჯერობით, არაფერი დამიკარგავს. ეს იმიტომ, რომ მე თამაშს ვაგრძელებდი, სიამოვნებას ვიღებდი ვეტერანთა ტურნირებში თამაშებით.

როცა საჭადრაკო სამყარო იკრიბება, იქ ნაციონალობას ვერ გრძნობ. ბევრს წარმატების მიღწევა უნდა, მაგრამ ბევრი უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად ჩადის. ყველა ერთმანეთს ეფერება, ტკბილად ხვდება. წლიდან წლამდე, ამ სამყაროში ვტრიალებ. ამიტომ სანამ აზროვნებას დავკარგავ, მანამ ღონისძიებებში მონაწილეობას გავაგრძელებ. ეს მე მჭირდება. დადებით განწყობას მიქმნის. ეს დადებითი ემოციები კი ცხოვრებას მიხანგრძლივებს.

თქვენი საყვარელი ფიგურა?

– ის ფიგურა, რომელიც მომაგებინებს. ყველა ფიგურას თავისი ადგილი აქვს. პოზიციებს გააჩნია. ყველა ფიგურა მეფისთვის იბრძვის, რა თქმა უნდა. ყველას თავისი ფუნქცია აქვს. უდიდესია ლაზიერი, ყველაფერი შეუძლია. არის პოზიციები, სადაც მხედარი აკეთებს კარგ სვლებს.

სხვა რა გითხრათ - ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი მონაპოვარია ჩემთვის.

ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. გეტყვით, რითი ვერთობი – ვუყურებ სპორტს, ვკითხულობ წიგნებს და ვუყურებ ფილმებს. ხელში მიჭირავს აიპადი, ვტვირთავ სასურველი ჟანრის წიგნებს და ვკითხულობ. ძირითადად, ესენი ბესთსელერებია. ვკითხულობ მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის წიგნებს და ფილმებშიც ამ ჟანრს ვირჩევ, რომ სიამოვნება მომანიჭოს და დრო გავიყვანო.