ინფორმაცია მათთვის, ვინც სესხის აღებას გეგმავს - ახალი რეგულაცია ამოქმედდა

ფული პენსია

2027 წლის პირველი თებერვლიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მიიღეს. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.

ბრძანების თანახმად, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1.5 მილიონ ლარამდე სესხი ან საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებლის შემოსავალი სრულად არის დაცული კურსის მერყეობისგან. ამ გადაწყვეტილებას მარეგულირებელში იმით ხსნიან, რომ რეგულაცია ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად შემოიღეს.

„ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. ეროვნული ბანკის მიერ თანმიმდევრულად გატარებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2027 წლის პირველი თებერვლიდან შევა“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი ივლისიდან ამ დრომდე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტით დაკრედიტების მინიმალური ზღვარი ერთი მილიონი ლარი იყო, იქამდე 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის პირველ ივლისამდე 750 000 ლარის ზღვარი მოქმედებდა, უფრო ადრე კი 2025 წლის პირველი იანვრიდან პირველ აგვისტომდე 500 000 ლარის ზღვარი იყო ძალაში. თავდაპირველად, ცენტრალურმა ბანკმა 2024 წელს ეს ზღვარი 200 000 ლარიდან 400 000 ლარამდე გაზარდა.

✕