გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მესამე კურსის სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ დღეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი - შედეგად დაზარალდა ჩვენი მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე, რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია ვიდეოთვალთვალის სისტემით, რაც ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

უნივერსიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას“, - წერია განცხადებაში.

✕