„ღმერთო დიდხანს მიცოცხლე, უსაშველოდ მიყვარს და მადლიერი ვარ მისი...“ - ვის შესახებ წერს ზურა შევარდნაძე

გარდენიე

„გარდენიას“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ჟუჟუს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა, თავდაუზოგავმა შრომამაც თავისი ქნა და დაავადდა. ათჯერ მაინც მოკვდა და გაცოცხლდა, კაცმა არ იცის რამდენჯერ გამოვიტირეთ.

ერთხელაც მირეკავს მისი ქალიშვილი, ელისო და მიყვება, რომ ახლა ნამდვილად კვდება.. დავყარე ყველაფერი და გავიქეცი არამიანცში, ასევე მის ნამოწაფართან ერთად. პალატაში ბნელა, ჟუჟუ მიუერთებიათ აპარატებზე, ძლივს სუნთქავს. "მესამე დღეა თვალიც არ გაუხელია, არც ლუკმა გადაუყლაპავს, არც წვეთი წყალი დაულევია, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. იმედს არ გვაძლევენ.." შემოგვჩივლა დაბნეულმა და უძინარმა ელისომ.
საშინლად ვიდარდე, ვეფერე, ნაშრომი ხელები ვუკოცნე და ცრემლებიც გადმოვყარე... მივხვდი რომ მართლა ვემშვიდობები საყვარელ მასწავლებელს. მან ხომ ჩემთვის არაფერი დაიშურა, იმაზე მეტი მასწავლა და მომცა ვიდრე შეეძლო, ყველაფერი ემეტებოდა ჩემთვის.

ხომ არ გამოვიქცეოდი? მივჯექით იქვე პალატის კუთხეში და ველაპარაკები ჩემსავით ჟუჟუს ნამოწაფარს დროის გასაყვანად. ვუყვები რა უამინდო გაზაფხულია, რომ ჩითილი მილპება, თუ მზემ არ გამოანათა ყველაფერი თავიდან მექნება დასათესი, დაჯგუთვას ვერ ავუდივართ და სათბურში სინესტის გამო სათეს ყუთებს ობი მოედო, ძალიან ვდარდობ..

უცებ ხმა საიქიოდან: „მარგანცოვკით მორწყით მაააარგაააანცოოოოვკიიიით... ნახშირი დანაყეთ და მოააააყააარეთ."

ჟუჟუ გაცოცხლდა!!! მას შემდეგ ვინ იცის მერამდენედ მოკვდა და ისევ გაცოცხლდა... 15 წლის წინ იყო ეს ამბავი, გუშინ ვნახე, კაკაბივითაა. არც გუშინ დაიშურა რჩევა დარიგებები.

ღმერთო დიდხანს მიცოცხლე. უსაშველოდ მიყვარს და მადლიერი ვარ მისი",- წერს ზურა შევარდნაძე.