,,ღმერთის მოციქული იყო, ნამდვილად... გელათიდან ქუთაისში ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და არ წაეყვანათ..." - ემოციური პოსტი მამა იოსებზე

მამა იოსები

გელათის ტაძრის წინამძღვრის, მამა იოსებ ბურჯანაძის შესახებ, რომელიც 30 იანვარს გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური ამბავი ვრცელდება.

,,გელათიდან ქუთაისში მატარებლის ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და მანქანით არ წაეყვანათ. კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა და მრევლი სთხოვდა, რბილ ბალიშს მოგიტანთო.

ისიც კი გამიგია, პატრიარქმა უსაყვედურა, თევზი მაინც ჭამეო, სულ ისე მკაცრად მარხულობდა.

ადამიანი, ვინც ხორცს ვნებდა სულის სიწმინდისთვის. სულ ერთხელ მყავს ნანახი, გელათში ნათლობაზე და სულ თვალწინ მიდგას, ისე მომნუსხა, ღმერთის მოციქული იყო ნამდვილად! ძალიან დამწყდა გული", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ორმოცაძე.

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. სასულიერო პირის ტრაგიკულ გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს.