Exclusive: „ისტორიული მატჩის გმირის, გიორგი მამარდაშვილის ბაბუაა... სიხარულის ცრემლი არ უჩერდება სახეზე...“- ზესტაფონის სკოლის პედაგოგის ემოციური მილოცვა

 მეკარე გიორგი მამარდაშვილი, გიორგის ბაბუა რობერტ ბლიაძე, ზესტაფონის სკოლის პედაგოგ იოსებ ჟღენტთან ერთად

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

დაძაბული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში, საქართველოს ნაკრებმა - 4:2 მოიგო.

პენალტები ზუსტად გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა შეასრულეს. გიორგი მამარდაშვილმა კი, მეტოქის პირველი 11-მეტრიანი მოიგერია. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, ზესტაფონის მე -4 საჯარო სკოლის „სამოქალაქო განათლების“პედაგოგი იოსებ ჟღენტი, სოციალურ ქსელში ეხმიანება და გიორგი მამარდაშვილის ბაბუასთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მისალოც პოსტს აქვეყნებს: 

ემოცია არ ჩამცხრალა წუხანდელი. ვინც ყველაზე ბედნიერია, ეს არის წუხანდელი დღის გმირის, გიორგი მამარდაშვილის ბაბუა, ბატონი რობერტ ბლიაძე.

მივედი მივულოცე, სიხარულის ცრემლი არ უჩერდება სახეზე. გილოცავ ბაბუ. იხარე შვილიშვილით. გიორგი ზესტაფონელია - დედა ზესტაფონელი ჰყავს“ - წერს ზესტაფონის სკოლის პედაგოგი.

„პრაიმტაიმი“ ბ-ნ იოსებს დაუკავშირდა და გიორგი მამარდაშვილის ბაბუასთან ემოციურ შეხვედრაზე ესაუბრა:

ისეთ ემოციებში ვარ, საუბარიც კი მიჭირს. დილით ადრე ავდექი და მანქანით წავედი, მინდოდა გიორგის ბაბუასთვის, პირადად მიმელოცა გამარჯვება.

ბატონი რობერტ ბლიაძე - წუხანდელი გმირის, გიორგი მამარდაშვილის ბაბუაა.

სიხარულის ცრემლი არ ელეოდა თვალზე. ჩავიკარი კაცურად გულში და მიულოცე! გიორგი დედის მხრიდან, ძირძველი ზესტაფონელია. იხარეთ ბატონო რობიკო, თქვენი შვილიშვილით! ფოტოც გადავიღეთ,“ - ამბობს იოსებ ჟღენტი.