ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა , ესტონეთის გადაწყვეტილება რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ექვსი თვით ჩაკეტვის თაობაზე გააკრიტიკა.
ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
კულბერგსის განცხადებით, ტალინს ეს ნაბიჯი ბალტიისპირეთის სხვა ორ ქვეყანასთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. ამასთან, ლატვია თავადაც განიხილავს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას.
მისი თქმით, ლატვიის მთავრობა და შესაბამისი უწყებები რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავენ. მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ხუთშაბათს გახდება ცნობილი.
ესტონეთის მთავრობამ გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება, 1 დეკემბრიდან რუსეთთან ყველა საავტომობილო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ექვსი თვით დახუროს. ტალინმა ეს ნაბიჯი ესტონეთის თავდაცვის სფეროს კომპანიებზე განხორციელებული დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ გადაწყვიტა. თავდასხმები, რომელთა უკანაც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული პირები იდგნენ, მათ შორის დრონების მწარმოებელ კომპანია Threod Systems-სა და Milrem Robotics-ს შეეხო, იუწყება მედია.
ლატვიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზღვრის ჩაკეტვის საკითხი ფრთხილად უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება სატვირთო გადაზიდვებსა და სატრანსპორტო ნაკადებზე. მისი თქმით, გარკვეული ტვირთები უკვე გზაშია, ხოლო მოძრაობის სხვა მიმართულებებით გადამისამართებამ შესაძლოა, ლატვიასა და ლიეტუვაზეც იმოქმედოს.
კულბერგსმა ასევე გააკრიტიკა ესტონეთი გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღების გამო და საკითხი მომავალ გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებსაც დაუკავშირა. მისი შეფასებით, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას ამ საკითხზე კოორდინირებული მსჯელობა უნდა ჰქონოდა.
ამასთან, ლატვიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რუსული მარცვლეულის ტრანზიტის შეჩერების შესახებაც. კულბერგსის თქმით, საკითხი უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის ეკონომიკური შემოსავლების შემცირებას უკავშირდება და საბოლოო გადაწყვეტილება ყველა გარემოების შეფასების შემდეგ მიიღება. მომდევნო კვირებში ამ საკითხს უფრო ფართო კონტექსტში, უკრაინასთან თანამშრომლობითაც განიხილავენ.