განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ერთ პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა

პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს „ალფა პვპ-ს“, „მეფედრონს“, “მარიხუანას” და „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“.

გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე, საგამოძიებო მოქმდებების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

✕