აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 32 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“ და „მეფედრონი“.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕