1775204481
„ეს საკვები ღვიძლისთვის რთული მოსანელებელია...“ - ტრადიციული მედიცინის სპეციალისტის გაფრთხილება
ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს, რატომ არ არის სასურველი ხილისა და რძის პროდუქტების მიღება დღის მეორე ნახევარში.
მისი განმარტებით, ხილის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში — დაახლოებით 12:00-დან მაქსიმუმ 16:00 საათამდე. ხოლო 4 საათის შემდეგ ხილისა და განსაკუთრებით რძის პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა ორგანიზმში შებერილობა გამოიწვიოს.
სპეციალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხაჭოზე, რომლის მიღებას ნაკლებად ურჩევს, რადგან მისი თქმით, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით კაზეინს, რაც ღვიძლისთვის რთულად მოსანელებელია. მისივე რეკომენდაციით, ხაჭოს ნაცვლად უკეთესი არჩევანია ნადუღი.
ნინო ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ იოგურტი და ყველიც უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მივიღოთ, ხოლო საღამოს მათი მოხმარება სასურველი არ არის.
სპეციალისტის თქმით, სწორი კვების რეჟიმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელებისა და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.










