1775204481
მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი ნანახი არ მქონდა... - მოკლული გიგა ავალიანის დედა
გიგა ავალიანის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ წარმოთქვა. სხდომას ესწრებოდა გიგა ავალიანის დედა.
გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ძალადობებზე მთელი ფილმი ჰქონდა შენახული.
"მე, გიგა ავალიანის დედამ, ვუყურე როგორ მოკლეს ჩემი შვილი და ვამბობ სიტყვას - მაგრამ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო ნაწილში იყო გაშვებული ის ვიდეო, რაც მე ნანახი არ მქონდა. ფილმი ჰქონდა ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ამ ძალადობებზე და რამდენი წუთი მიმდინარეობდა ეს ფილმი, არ ვიცი. მე ამას გარედან ვუყურებდი. ამაზრზენი იყო, ამათი გამოსწორება არ იქნება, ციხეს მაშინ აქვს აზრი, წლებს მაშინ აქვს აზრი თუ ის გამოასწორებს", - განაცხადა ავალიანის დედამ.
საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის თქმით, ეს იყო ძალიან ინფორმატიული, მოცულობითი და შინაარსიანი სიტყვა, სასამართლო დარწმუნდა და არავის გაუჩნდება უსამართლობის შეგრძნება, თუ რატომ უნდა დაისაჯონ ეს არასრულწლოვანები ჩადენილი დანაშაულის გამო.
"ბრალდების მხარემ წარადგინა თავისი დასკვნით სიტყვა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით და იმ მრავალ ეპიზოდიან ძალადობებთან დაკავშირებითაც, ასევე, ბრალად ედებოდათ წარმოდგენილ ბრალდებულებს. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალიან ინფორმატიული მოცულობითი და შინაარსიანი სიტყვა, ვინაიდან აღნიშნულ მტკიცებულებების განხილვისას, სასამართლო დარწმუნდა და არავის გაუჩნდება უსამართლობის შეგრძნება, მათ შორის, აღარც ბრალდებულებს, აღარც მათი ოჯახის წევრებს, აღარც მართლმსაჯულების განმხორციელებელ ორგანოს და აღარც დაზარალებულს, თუ რატომ უნდა დაისაჯონ ეს არასრულწლოვანები ჩადენილი დანაშაულის გამო, სწორედ იმ კვალიფიკაციით, იმ ბრალდებისთვის და უნდა მიიღონ სასჯელის უმაღლესი ზომა, რასაც ისინი საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე იმსახურებდნენ", - განაცხადა პროკურორმა.
საქმეზე ჯამში 4 პირია დაკავებული. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად.
ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.











