„ეს იყო პატრიარქის ბოლო საჩუქარი ჩემთვის...“ - ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა

ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ, ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ სასწაულის შესახებ წერს, რომელიც მის ცხოვრებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„ეს კონკრეტული ამბავი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და მინდა სხვებმაც მოისმინონ. ჩემი და პატრიარქის ურთიერთობა დაიწყო 2000 წელს, როდესაც მივედი სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც შემდეგ, ყოველ კვირას დავდიოდი. წინა რიგებში ვიდექი, რომ მისი წყალობა გადმოსულიყო ჩვენზე და დაველოცე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბოლო დროს მომხდარმა ამბებმა კიდევ უფრო მეტად მიმახვედრა, როგორ მიყვარდა და ამავე დროს მივხვდი, თავად როგორ ვუყვარდით პატრიარქს. როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მეორე დღეს დავავლე ხელი ჩემს შვილებს და გავიქეცი სამებაში. ავლაბრის მეტროდან სამი საათი ავდიოდით და შევედით ტაძარში. ეტყობა გაუაზრებელ ფონზე ვერ მოვიფიქრე რამე წამეღო, რომ იქიდან მადლი წამომეღო. როდესაც სახლში დავბრუნდი, ტელევიზორში ვნახე ჩემი მეგობარი კახა მიქიაშვილი და ვიფიქრე, რატომ არ წავიღე ჯვარი, რომ მიმეწოდებინა კახასთვის, დაედო პატრიარქის გულზე და მქონოდა მისი სასწაული ენერგეტიკა ჩემი შვილისთვის-მეთქი. კახას ტელეფონის ნომერი არ მქონდა, ინსტაგრამზე მივწერე, მეგობრებშიც კი არ მყავდა, მივწერე კახა თუ გაქვს შესაძლებლობა, შორიახლოს იქნებ პატარა ჯვარი მოიძიო, დაადო პატრიარქს გულზე და მიქაელი დამილოცოს-მეთქი, მეგონა არც ნახავდა მესიჯს და უცებ მომივიდა პასუხი, არ ვიცი აქედან გასვლას შევძლებ თუ არა და შენ თუ მოხვალ დაგეხმარებიო. ვუპასუხე, იმდენი ხალხია, შეიძლება ვერ მოვახერხო შემოსვლა-მეთქი. ვუყურებდი ტელეფონს და ვფიქრობდი, თუ ღირსად ჩამთვლის პატრიარქი თვითონ გამომიგზავნის ამ ჯვარს ჩემი შვილისთვის-მეთქი, მთელი გულით მინდოდა ის ჯვარი და რამდენიმე საათში მომივიდა კახას მესიჯი: ხატია როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს და პატრიარქს, ფეხებში რაღაც ვიგრძენი და ჯვარი დავინახე, პატრიარქმა გამოგიგზავნაო. ცრემლები წამომივიდა. პატარა ჯვარი ვითხოვე და მაინცდამაინც ის იპოვა. ეს იყო პატრიარქის ბოლო საჩუქარი ჩემთვის. კიდევ უფრო საოცრება იყო ჩემთვის, როდესაც მივედი სიონში, კახამ ზუსტად ისეთი ჯვარი გამომიტანა, როგორიც წარმოდგენილი მქონდა ჩემი შვილისთვის. ყველაზე მთავარი ის არის, იმ ქაოსში, ასეთი პატარა ჯვარი როგორ დაინახა. ზუსტად მჯერა, პატრიარქმა თავისი უდიდესი ენერგეტიკით გამომიგზავნა ის ჯვარი და ეს დააჩქარებს ეს ჩემს გზას გვირაბის ბოლოს“, - ამბობს ხატია სიჭინავა ვიდეოში.