„ძალიან ვდარდობ მის გაზრდაზე, იმედი მაქვს, გამომივა“ - პატარა ბატკნის ისტორია, რომელიც გარდაბნიდან თბილისში ჩამოიყვანეს

ტასო ცხვარი

ცხოველთა უფლებადამცველმა ტასო ლოსაბერიძემ გარდაბნიდან უდედოდ  დარჩენილი 1 დღის ბატკანი თბილისში ჩამოიყვანა და სახლში ზრდის. 

„გაიცანით ჩემი ახალი შვილი, 1 დღის ცხვარია. გუშინ გარდაბნისკენ მიმავალ გზაზე ცხვრის ფარა გადადიოდა, უკან 3 მწყემსი მოჰყვებოდათ, ერთს ეს პატარა წინა ორი ფეხით ეჭირა და მოათრევდა, როგორც ტილოს. რომ ვკითხე, რატომ გყავს ეგრე-თქო, ახლა გააჩინა და დედა არ ვიცით რომელია, საღამოს გავუშვებთ და მიაგნებსო. გალურჯებული იყო სიცივისგან, სულ სველი, კანკალებდა. ვეხვეწე მომეცით მეთქი და ვერაო.. ნომერი გამოვართვით რომ მოგვეკითხა.

დილით დაგვირეკეს და წაიყვანეთო, დედას ვერ მიაგნოო და ვერ გაზრდიდნენ. ჰოდა, ახლა მე უნდა შევითავსო მისი დედობა. არ ყოფილა ჩემი ახირება ან რამე მისი დედასთან დაშორება, უბრალოდ, იქ არავინ გაზრდიდა და მოკვდებოდა. ძალიან ვდარდობ მის გაზრდაზე, რადგან გამოუცდელი ვარ და იმედი მაქვს, გამომივა  ჯერ ჭიპლარიც ზედ აქვს, გუშინ დაიბადა.“ - დაწერა ცხოველთა უფლებადამცველმა ფეისბუკში 11 მაისს.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ტასომ გასაყიდად განწირული ხბო ჩამოიყვანა, რომელსაც ასევე თავად ზრდის.