„დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ კოდორი რუსეთისთვის უსისხლოდ ჩაებარებინათ... სულ ეს იყო“ - ირმა ჭკადუას ემოციური პოსტი ნორა კვიციანზე

ნორა კვიციანი

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნორა კვიციანი გარდაიცვალა.

მან საერო ცხოვრებაზე უარი 74 წლის ასაკში თქვა და მიიცვალა როგორც დედა ქეთევანი.

ნორა კვიციანის გარდაცვალებას ადვოკატი ირმა ჭკადუა გამოეხმაურა და მისი პატიმრობის პერიოდი გაიხსენა.

„გინდა დაივიწყო, თვალი დახუჭო, გათიშო გონება იმისთვის, რომ არ დაუბრუნდე წარსულს, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ.

ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ, დაიღალა ხალხი ამ „სისხლიანი 9 წელი“-ს ძახილით, მომავალზე ვიფიქროთ-თქო, მაგრამ მოულოდნელად, ისეთი ისტორია გაიელვებს და შეგახსენებს თავს, რომ ვერაფრის დიდებით ვერ დააღწევ ფიქრებს თავს. ნორა კვიციანი გარდაიცვალა!!

ალბათ არაერთი ყოფილი პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლი გარდაცვლილა, მაგრამ გახსენდება თუ რატომ იყო ეს ქალბატონი 7 წელი ჯოჯოხეთური რეჟიმის ციხეში, სააკაშვილის კომისრების მიერ დატყვევებული და უფლებაშელახული…

და ამ ფიქრებში ხვდები, რომ ეს კიდევ, სხვა სიმძიმის ისტორიაა. დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისთვის უსისხლოდ კოდორი ჩაებარებინათ.

სულ ეს იყო. არც მეტი, არც ნაკლები… სათქმელად მარტივი, მაგრამ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკული ისტორია… რომლის ანალიზი და შეფასება ამ დრომდე არ მომხდარა… ვუსამძიმრებ განსვენებულის ოჯახს და კოდორის ხეობის ყველა მცველს, ვინც ქალბატონ ნორასთან ერთად იცავდა ამ ულამაზეს ხეობას…“ - წერს ადვოკატი.