ბათუმში შეიარაღებული კაცი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა

საქართველოს ბანკი

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, შეიარაღებულმა მძარცველმა მძევლების აყვანა სცადა. შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში. 

წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და ფულის წაღება სცადა, თუმცა თანამშრომლებმა განგაშის ღილაკის ჩართვა მოახერხეს, რის გამოც, თავდამსხმელმა დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა. ადგილზე იყო იარაღის გასროლის ხმაც. 

„წინააღმდეგობის შემდეგ მძარცველმა პისტოლეტის მსგავსი იარაღიდან ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გამოიქცნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ მძარცველი და როცა მიხვდა, რომ სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა“, – ამბობს ბანკის თანამშრომელი.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტით შეეცადა ბანკის დაყაჩაღებას. ამ დროისთვის იგი დაკავებულია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.