„ავარია მოუვიდა, ხალხი გაოცებული იყო, როგორ გადარჩაო. დამპირდა, არასოდეს შეგარცხვენო. შემარცხვინა კი არა, ზეცაში ამიყვანა“ - საბა ლაზიშვილის დედა

საბა ლაზიშვილი

ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავის, 21 წლის საბა ლაზიშვილის წარმატებულ დებიუტს მისი დედა, ეთერ ლაზიშვილი ემოციური სიტყვებით ეხმაურება. როგორც სპორტსმენის დედა იხსენებს, შვილს მისთვის მიცემული პირობა არ დავიწყებია და საკუთარი წარმატებით დედა განსაკუთრებულად გაახარა.

„რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში ეთერ ლაზიშვილი იხსენებს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც საბას სკოლის დამთავრების შემდეგ, გამოსაშვები საღამოს პერიოდში შეემთხვა. დედის თქმით, ავარიის შემდეგ შვილმა პირობა მისცა, რომ არასდროს ჩაიდენდა ისეთ საქციელს, რომელიც დედას შეარცხვენდა.

„როდესაც გამოსაშვები საღამო ჰქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, აი იმ გამოსაშვებ საღამოზე მოუვიდა ავარია. ისეთი ავარია, რომ გაოცებული იყვნენ ადამიანები, როგორ გადარჩა ეს ბიჭი. ერთხელ მითხრა: დედა, იცოდე, ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ, შენ რომ შენი სახელი წავშალო, შენი ამაგი რომ წავშალო. არაფერს ისეთს არ გავაკეთებ, რომ შეგარცხვენოო.

შემარცხვენა კი არა, ზეცაში ამიყვანა შვილმა. გუშინ მადლობებს ვუხდიდი, რომ ასე მასახელა. მისი ეს სიტყვები მახსოვს და მართლაც შეასრულა თავისი პირობა“, – ამბობს ეთერ ლაზიშვილი.

შეგახსენებთ, 21 წლის საბა ლაზიშვილი გუშინ, აბუ დაბიში, Etihad Arena-ზე გამართულ Real American Freestyle-ის ტურნირზე სადებიუტო ბრძოლით წარდგა. ქართველი სპორტსმენის მეტოქე ამერიკული ჭიდაობის ლეგენდა ურაია ფეიბერი იყო.

საბა ლაზიშვილმა მეტოქე ანგარიშით 12:7 დაამარცხა და სადებიუტო გამოსვლა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ ამ გამარჯვებით საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა.

✕