„ამ ოჯახის ქალები სულ ავარიებით იღუპებიან...“ - ვინ არის ყვარელში ავარიისას გარდაცვლილი ქალი

ავარია

„ამ ოჯახის ქალები, სულ ავარიებით იღუპებიან, უმძიმესი ამბავია“,- ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიით 25 წლამდე ასაკის მარი ნერსეზაშვილი გარდაიცვალა.

ნერსეზაშვილი ავტომანქანაში, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევა სოფელ შილდასთან, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ოჯახში, სადაც გარდაცვლილი იყო გათხოვილი, რამდენიმე წლის წინ, ავარიით კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა.

„რა სიტყვებით შეიძლება ამ ოჯახის ტრაგედიის აღწერა, ან რა თანაგრძნობა შეიძლება გამოხატოს ადამიანმა, ამ სიმძიმის შესაბამისი რომ იყოს.. მარის დედამთილი, ისიც ახალგაზრდა ქალი, რამდენიმე წლის წინ, ავარიით დაიღუპა, მასწავლებელი იყო, ყველას უყვარდა, მთელი სოფელი ტიროდა. ახლა ეს ულამაზესი და სიცოცხლით სავსე გოგო იმსხვერპლა ავარიამ. თავადაც ტრამვირებული ოჯახიდან არის, დედამისს წლების წინ სხვა შვილიც დაეღუპა, ლეიკემიით. ქალს უკვე მეორე შვილი მოუკვდა, წარმოგიდგენიათ? უმძიმესი ამბავია, აღდგომის ღამეს. ყველა დაზაფრულია, რა უნდა ითქვას ასეთ დროს, სიტყვებს რა ძალა აქვს“,- ჰყვება ოჯახის ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა, წუხელ მოხდა. ორი დაშავებული, გარდაცვლილის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.