„ადამიანი მას ყველგან ეძებს, ყველგან ხვდება და ვერსად პოულობს...“ - რას წერს გია მურღულია

გია  მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:

„სად არის სულიკო, რომელიც სულ იყო (არის და იქნება)?
ის სამგან არის - ვარდშიც, ბულბულშიც და ვარსკვლავშიც - მიწაზეც, ცაშიც და მათ შორისაც.
ანუ - ნებისმიერ ადგილას.
მოკლედ, ადამიანი მას ყველგან ეძებს, ყველგან ხვდება და ვერსად პოულობს.
სად და როგორ შეიძლება ყველგან თვალსაჩინოდ მყოფი ისე გაუჩინარდეს, რომ ყველასთვის დაიკარგოს?
"...ვერ ვნახე, დაკარგულიყო".
ასე მხოლოდ ღმერთი "იკარგება" - ყველა ხედავს და ვერავინ ამჩნევს.
აქ "ყველა" და "ვერავინ" ფარდობითი სიტყვებია.
ეს ფარდობითობა დაკარგვასა და პოვნას აერთიანებს.
სხვაგვარად ცხოვრების საზრისი იკარგება.
ქართველები დიდი ხანია "სულიკოს" მღერიან.
შესაძლოა მაინცდამაინც არც აქცევენ ყურადღებას, რას ეხება და გამოხატავს ეს ლექსი.
ის ხომ უამისოდაც აკეთებს თავის საქმეს - სიტყვებში ღმერთს პოულობს.
სწორედ ის პოვნა გალობს ასე გამაოგნებლად და სამყაროს დამამშვენებლად.
მიეხმატკბილება ფიქრსაც და განწყობასაც.
და სიყვარულს ბადებს.
აბა, სიყვარულის შეგრძნება თავის თავში ღმერთის აღმოჩენის გარეშე ვის გაუგია?!
"ღმერთი სიყვარული არს".
"ვინცა მიჯნური არა არს, არცა კაცი არს".
ადამიანის მთავარი კითხვა ეს არის:
"სადა ხარ?"
პასუხი გულმა, გონებამ და თვალებმა იციან".