ნეკა დოროყაშვილი

შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა, ალბათ, „სტოკჰოლმის სინდრომი“ მქონდა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, იყო შემთხვევა, როდესაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილმა თმით ითრია. როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განმარტა, მას სხეულზე ნაკაწრები და სიწითლე ჰქონდა.

"თმით მათრევდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაწითლებები მქონდა. როდესაც ჩოგანი მომხდა თავში და სხეულზე, მახსოვს, რომ მოვიხარე და ხელი ავიფარე. ნამდვილად არ მახსოვს ტელეფონი სად დავარდა. სიწითლეები მემჩნეოდა. ეს არ იყო დაჟეჟილობა, მქონდა ნაკაწრები და სიწითლეები",- განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, იმდენად მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა, ფოტოს გადაღება ვერ მოიფიქრა.

"ფიზიკური ძალადობის გამო ძალიან დასტრესილი ვიყავი, ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ მელაპარაკებოდა და მაიგნორებდა", - განაცხადა დოროყაშვილმა.

კითხვაზე, რატომ განიცდიდა მოძალადე ადამიანის სხვაგან წასვლას, თუ მის მიმართ მართლა ხორციელდებოდა ძალადობა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ შესაძლოა, მის მიმართ მიჯაჭვულობა ჰქონდა.

"იყო შემთხვევა, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა. ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. ამ ყველაფრის შემდეგ მასზე ვნერვიულობდი. შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა. ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია", -განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

მთავარი სიახლეები