1753991958
სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს მხარეებისგან დასკვნით სიტყვას მოისმენს

გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დღეს მხარეებისგან დასკვნით სიტყვებს მოისმენს. გუშინ გამართულ პროცესზე გამოჩნდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისთვის გასამართლებული ბაჩიაშვილი პროკურორის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად მზად არ იყო და მისგან მხოლოდ გაღიზიანება და აგრესია ვიხილეთ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გარკვეული ადამიანები და მათ შორის, თავად ბაჩიაშვილი, ცდილობენ, საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, თუმცა აქ პოლიტიკა ზედმეტია, ვინაიდან მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს.
„გიორგი ბაჩიაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ არის დაკავებული სხვადასხვა ზღაპრის შეთხზვით. ლაპარაკი გვაქვს ადამიანზე, რომელიც ზოგადად ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციას, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მწყრალად არის კანონთან, მწყრალად არის იმასთან, რასაც ჰქვია კანონიერი გზით გარკვეული ქონების მოპოვება“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.