როდემდე გაგრძელდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა - გარემოს სააგენტოს განახლებული ამინდის პროგნოზი
1753964059
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ინვესტორმა სახსრები საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია. მთავრობის მხრიდან კი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ეჭვქვეშ არ დამდგარა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერება.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მაიერი ითხოვდა 64 მილიონი დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა მთავრობის სასარგებლოდ 6.5 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება. განცხადებები ამ თემაზე გაავრცელეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და "ლელო ძლიერმა საქართველომ".
"თარიღი: 31 ივლისი, 2025 თბილისი, საქართველო, 31 ივლისი 2025.
ბატონმა ბობ მეიერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) სამეთვალყურეო საბჭომ გაავრცელეს წინამდებარე განცხადება, საქმეზე "ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ" (ICSID-ის საქმე # ARB/20/28), საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების პასუხად. ბატონი მეიერის სარჩელი საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეტანილ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დადებული, "ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმების (BIT) საფუძველზე.
ბატონი მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.
2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია.
ბატონი ბობ მეიერის განცხადება
"ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. მე გადავწყვიტე განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი.
ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში".
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება
"მიუხედავად იმისა, რომ ICSID-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, ის არ ცვლის მთავარ ფაქტს – ამ მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ. საინვესტიციო ხელშეკრულების ADC-სთან შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში, "ქართული ოცნების" მთავრობამ დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ, არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს არ არის დაწყებული მშენებლობა.
ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული, და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა.
პრეისტორია: ADC არის კონსორციუმი შემდგარი "თიბისი ჰოლდინგ ანაკლია" (საქართველო), Van Oord PPP International-ის (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express-ის, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star-ის (ბულგარეთი), Conti International-ის (აშშ) და ბატონი მეიერისგან.
2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით ADC-ის მინიჭებული ჰქონდა ანაკლიის პორტის განვითარების უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია, რათა ძირი გამოეთხარათ ADC-ის და მისი ინვესტორებისთვის და წინ აღდგომოდნენ ADC-ის ძალისხმევას, განევითარებინა პროექტი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად. 2024 წლის ივლისს, ICC-ის წესებით მიმდინარე არბიტრაჟში, ADC-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბატონმა მეიერმა, ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა ICSID-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ADC-ის და ბატონი მეიერის იურიდიული წარმომადგენლები არიან გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბ-ნი ენდი მუდი ლონდონიდან, Baker McKenzie-ის პარტნიორი და ქალბატონი ქეთევან ქვარცხავა თბილისიდან, იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი", - აღნიშნულია ანაკლიის პორტის განცხადებაში.