1754052276
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 633,99 გრ. ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და უკანონო რეალიზაციის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დაფასოებას ახდენდნენ, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.
სამართადამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.