რამდენ მილიონად მიყიდა აქტივები დავით კეზერაშვილმა უკრაინის მიერ სანქცირებულ მილიარდერს?

დავით კეზერაშვილი

უკრაინის მიერ სანქცირებულ პირებს შორის მოხვდა წარმოშობით ქართველი მილიარდერი, შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც წარსულში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორი გახლდათ.  ის ნავთობის ბიზნესში საქმიანობს.

იაკობაშვილს აქვს ბენზინგასამართი სადგურების ქსელი აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში, რომელიც 140 სადგურისგან შედგება. ის ასევე ფლობს ორ ნავთობტერმინალს საქართველოს პორტებში - ფოთსა და ბათუმში.

2011 წელს მან 610 მილიონ დოლარად მიჰყიდა Vimm-Bill-Dan-ის 10,5% PepsiCo-ს.

ამ სახსრების ნაწილი იაკობაშვილმა ლონდონსა და მონაკოში უძრავ ქონებაში ჩადო, თანხების ნაწილით მან გიგანტური რუსული ფინანსური კორპორაცია „სისტემას“ აქციების 2% შეიძინა. დანარჩენი თანხით კი ქართული კომპანია Petrocas Energy Group-ის საკონტროლო პაკეტი (80%) იყიდა.

Petrocas Energy Group, რომლის საქმიანობის სფერო ნავთობით ვაჭრობაა, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა.

Forbes-ის ცნობით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიის დამარცხებამდე რამდენიმე თვით ადრე, კეზერაშვილმა გადაწყვიტა, მთელი თავისი ქონება მიეყიდა იაკობაშვილისთვის. კეზერაშვილს 70%-იანი წილი ჰქონდა Petrocas Energy Group-ში. ასევე ფლობდა სარეკლამო სააგენტო Outdoor.ge-ს, შაქრის ქარხანას და კაზინოს. იაკობაშვილის თქმით, მან ქართულ აქტივებში ჯამში 470 მილიონი დოლარი გადაიხადა.