რა ხდებოდა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სამართალდამცველებმა 30-ზე მეტი ბრალდებული დააკავეს

სპეცოპერაციის კადრები

სამზე მეტი ქალაქი და 30-ზე მეტი დაკავებული - ასეთია დღეს დილიდან ნარკორეალიზატორების დაკავების მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგები. ამოღებულია კოკაინი, ჰეროინი და კიდევ რამდენიმე ტიპის ნარკოტიკული საშუალება, რომლებსაც გამსაღებლები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ყიდდნენ.

დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებიც. რეალიზატორებს ნარკოტიკული ნივთიერება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდათ, შემდეგ კი სხვადასხვა ქალაქში ე.წ. ბარიგებზე ანაწილებდნენ.

სპეცოპერაციის ეპიცენტრი ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში დღეს ფონიჭალის დასახლება იყო, სადაც სპეცრაზმელები ერთდროულად ორ მისამართზე გამოჩნდნენ. კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული ნაძალადევის რაიონში მდებარე ქვიშხეთის ქუჩაა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა გამსაღებლებისგან საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს, საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო მასალაც, რომელიც ჯერ მედიისთვის ხელმისაწვდომი არ არის. დაკავებულთა სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ამოღებულია დიდი რაოდენობით ფულიც.

ფონიჭალის დასახლებაში, გოგებაშვილის 11 ნომერში სპეცრაზმი გამთენიისას გამოჩნდა. გაჩხრიკეს საცხოვრებელი სახლი, ავტომობილები და ეზო. გამოძიების ინფორმაციით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამომძიებლები ჯაფაროვების საცხოვრებელში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას დილიდან ელოდებოდნენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები.

კიდევ ერთი ადგილი ფონიჭალაში, სადაც პოლიცია მორიგ სპეცოპერაციას ატარებდა, გურამიშვილის ქუჩაა. აქ სამართალდამცველებმა საკუთარი სახლიდან 40 წლამდე მამაკაცი ხელბორკილებით გაიყვანეს. გამოძიება მას ნარკოტიკების რეალიზაციას ედავება. ჩხრეკისას ამოღებულია ფული და გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი.