მუქარა და ძალადობა - პოლიციამ უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

პოლიციამ უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მისაკუთრების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული ი.ბ., 2004 წელს დაბადებული ს.პ. და წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ქ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას.

სამართალდამცველებმა, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს და სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.