ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიღებას, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება - სერბეთის წარმომადგენელი მაიდა კრსიკაპა

მაიდა კრსიკაპა

ჟენევაში გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე დარახველიძემ, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები გააცნო. დელეგაცია ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვის დროს, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასებები გააკეთეს.

"ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიღებას, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება. ასევე, მივესალმებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას, კერძოდ: სპეციალური სამოქმედო გეგმების შემუშავებას, ამგვარი საქმეების პრიორიტეტიზაციასა და სპეციალიზებული პროკურორების ინსტიტუტის გამოყენებას", - აცხადებს სერბეთის წარმომადგენელი მაიდა კრსიკაპა.

სიტყვით გამოსვლების დროს, საუბარი შეეხო მშვიდობიანი შეკრებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის დაცვას, ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებას და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე.

"ჩვენი რეკომენდაცია, რომ საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს და დაზარალებულებისთვის სამართლიანობა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია უზრუნველყოს. ასევე, გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" და "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებები", - განაცხადა ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა მარი რამბახმა.