„მარიკამ შეიფარა თავის ბინაში, დროებით, 3 დღით შევიდნენ, მაგრამ მერე იქ დარჩნენ...“ - რას ამბობს მოკლული ქალის ახლობელი

მარიკა ბუთხუზი

საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში. ნათესავმა ეჭვიანობის ნიადაგზე გოგოზე ხელკეტით, ელექტროშოკით იძალადა და მოკლა. შემთხვევა ვარკეთილში 28 აპრილს მოხდა. 

სადისტურად მოკლული მარიკა ბუთხუზი სოფელ მუხრანიდან იყო. სახლი, სადაც ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვეს მარიკა ბუთხუზს ეკუთვნის და იქ მარიკამ ნათესავი მამაკაცი და მისი ცოლი თურმე დროებით შეიფარა.

„კვირის პალიტრა“ მარიკას ახლობელს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

„შოკში ვართ ყველანი, ოჯახი და ნათესავები კი არა, მთელი საქართველო შეძრულია ამ ამბით და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. მარიკა სოფელ მუხრანიდან არის, ერთი შვილის დედაა, ობლად დარჩა მისი 12 წლის გოგონა. მარიკა ამავე სოფელში იყო გათხოვილი, წყვილს გოგონა შეეძინა და მოულოდნელად ტრაგედია დატრიალდა. მარიკას მეუღლე სრულიად ახალგაზრდა ბიჭი 11 წლის წინ ავტოავარიით დაიღუპა. მათი გოგონა მაშინ წლის და 6 თვის იყო. მარიკა ერთი წელი ცხოვრობდა ბიჭის მშობლების ოჯახში, მაგრამ მერე მუხრანში თავის მშობლებთან დაბრუნდა. მას ჰყავს მშობლები და ერთი ძმა. მეუღლის ოჯახის წევრებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვი მუხრანის სკოლაში სწავლობს და ახლა, როცა თბილისში ეს ტრაგედია დატრიალდა, ბავშვი მამის ოჯახში იყო. ის პერიოდულად ხან ერთ პაპა-ბებიასთან ცხოვრობდა, ხან - მეორესთან, ხან - დედასთან.

8 წელი იქნება, რაც მარიკამ თბილისში ბინა იყიდა, რომელიც დედამისის სახელზეა. როგორც ვიცი, მკვლელობაში ბრალდებული და მისი ცოლი მარიკასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. მარიკას უთხრეს, რომ 3 დღით, სანამ ბინას დაიქირავებდნენ, მანამდე სჭირდებოდათ ბინა და ამ გოგომ შეიფარა ისინი. დროებით შევიდნენ, მაგრამ მერე იქ დარჩნენ“,- ამბობს ოჯახის ახლობელი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნახეთ, ვრცელი ინტერვიუ აქ: