1733169705
ლაშა ნაკაიძის სასამართლო სხდომა დაიხურა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება.
სასამართლო სხდომის დაწყებისას პროკურორმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.