გაურიგდნენ ფეხმძიმე ქალებს და მოატყუეს სააგენტო - 2 მეწარმე და ბუღალტერი პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან, ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც, მომზადებულ იქნა ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში იქნა შეყვანილი სსიპ სოციალურ მომსახურეობის სააგენტო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმოებში თითქოსდა დასაქმებული 82 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისათვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება ჯამში 82 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში ურთიერთშორის გაინაწილეს.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დეკრეტული შვებულების თანხების დაუფლებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.