„გამოძიება იარაღს ეძებს“ - რას აცხადებს პროკურორი მუხიანში მომხდარზე

ლევან ჟორჟოლაძე

პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, მუხიანში მომხდარი შემთხვევის შესახებ, რა დროსაც 64 წლის მამაკაცი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა, გარდაცვლილს ექსპერტიზა  ჩაუტარდება, რის შემდეგ გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.

მისი თქმით, ამ დროისთვის ეძებენ იარაღს.

„ამჟამად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჯერჯერობით, არ დამთავრებულა. მუშაობს გამოძიება და ყველა კვალი მოიძებნება.

დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოჩენის [გარდაცვლილი]. ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულებას, იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.